ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის ახალ ინიციატივას, სოლიდარობის აქტს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები ხელფასის 1/3-ს სპეციალურ ფონდში გადარიცხავენ. ინიციატივის მიზანი კორონავირუსის გამო დაზარალებული მოქალაქეების დახმარებაა.
ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის მორალურად აბსოლუტურად სწორი და გამართლებული ქმედება მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ ინიციატივას კერძო სექტორი და საზოგადოება შეუერთდება.
„მინდა ვთქვა, რომ დღესდღეობით, როდესაც ჩვენ ვდგავართ ეკონომიკური კრიზისის წინაშე და ასობით ადამიანი უკვე კარგავს შემოსავლებს, ათასობით ადამიანმა შესაძლოა, დროებით დაკარგოს შემოსავალი, ეს არის მორალურად აბსოლუტურად სწორი და გამართლებული ქმედება ჩვენი მხრიდან - ასე გამოვხატავთ სოლიდარობას. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ინიციატივას სხვა მიმდევრებიც გამოუჩნდება, სხვებიც შემოგვიერთდებიან - კერძო სექტორი, საზოგადოება და ყველა ერთად დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსის და ეკონომიკური კრიზისი გამო გასაჭირი დაუდგება", - განაცხადა ნათია თურნავამ.