„ისეთი შეღავათის მინიჭება, როგორიც არის მოგების გადასახადის 15%-ის ნაცვლად, ხუთი პროცენტი, საშემოსავლო გადასახადის 5%, დამატებით ბიძგს მისცემს რეგიონალურ კომპანიებს, მათ შორის გლობალურ აიტი კომპანიებს, შემოვიდნენ საქართველოში და დაასაქმონ ჩვენი ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც დღეს შეიძლება უკვე საქმიანობენ ამ სფეროში, მაგრამ აქვთ „ფრილანსერის“ სტატუსი. სწორედ ეს საგადასახადო შეღავათი მისცემს, ერთი მხრივ, მეტ სტიმულს გლობალურ აიტი კომპანიებს , რომ საქართველო განიხილონ როგორც პლატფორმა და, მეორე მხრივ, ჩვენივე მოქალაქეებს დაიწყონ მუშაობა ასეთ კომპანიებში, შემდგომში გაიზარდონ და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, კორპორატიზებული სახე მიეცეს ამ ბიზნესს“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის თქმით, მთავრობამ შეარჩია ორი სფერო, სადაც დღეს ყველაზე მეტი შესაძლებლობაა, საშეღავათო რეჟიმის შეთავაზებით მაქსიმალურად მოვიზიდოთ საერთაშორისო გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესტიციები. ერთ-ერთი მათ შორის სწორედ აიტი სფეროა - სერვისები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული პროგრამირება და ამასთან დაკავშირებული მთელი რიგი საქმიანობები, რაც მიმზიდველი და აღმავალი ინდუსტრიაა.
„რომ შევაჯამოთ, ეს არის ე.წ. რელოკაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიული სტრატეგიის შემდგომი გაგრძელება და შემდგომი ნაბიჯი, რაც ამ რამდენიმე ხნის წინ დავაანონსეთ და დავიწყეთ. ჩვენი მიზანია, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, შევძლოთ, საქართველო კვლავ და კიდევ უფრო მეტად განიხილებოდეს უცხოელი ინვესტორების მიერ როგორც მიმზიდველი პლატფორმა, რომელიც მიუხედავად ყველა გლობალური გამოწვევისა, გამოიყურება ყველაზე მეტად სტაბილურად, სთავაზობს ყველაზე კარგ საგადასახადო და ბიზნესსგარემოს. ეს იქნება ცალსახა მოტივაცია ამ კომპანიებისთვის, რომ შემოვიდნენ საქართველოში და მეტი სამუშაო ადგილი შექმნან“ - განაცხადა მინისტრმა.