ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომუნალური გადასახდების შესაძლო გადავადებაზე ისაუბრა. როგორც ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, მთავრობას კარგად ესმის, რომ ბევრ მოქალაქეს ფინანსური პრობლემა შეექმნა და ყველანაირად ცდილობს ბიზნესისთვის ვითარების შემსუბუქებას, რათა მათი თანამშრომლების შენარჩუნება მოახერხონ. თუმცა ამ ეტაპზე კომუნალური გადასახდების გადავადება არ იგეგმება.
„რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებლები, იქნება ეს „თელასი“, „ენერგოპრო“ თუ „თბილისი ენერჯი“, ეს არის კერძო კომპანიები. მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგათ დღეს, როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს, იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაწყვეტი. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ კომუნალური გადასახადი გადავადდება, არ დგას“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge