„მიზნობრივი და ეფექტიანი პოლიტიკა ფასდება ერთი საზომით - გადარჩენილი სიცოცხლეებით. იმის გამო, რომ ჩვენ ბევრ სხვა სახელმწიფოზე ადრე მივიღეთ ზომები, საქართველოს აქვს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობითვე, ნათია თურნავა პლენარულ სხდომაში ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.
რაც შეეხება პანდემიის ფონზე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, ნათია თურნავას განცხადებით, რეგიონში ერთ-ერთი პირველები ვართ, სადაც ჩანს ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები და კლების ტემპი იქნება -4, -5 პროცენტი.
„ეკონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ვირუსის უკონტროლო გავრცელების დროს საწარმოები ვერ მუშაობენ. დროულად მივიღეთ აუცილებელი ზომები და ამას იზიარებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. საერთაშოროსო საკრედიტო სააგენტოებმა ყველაზე კრიტიკული და კონსერვატიული საზომი უცვლელად დატოვა - ინვესტორებს სჯერათ საქართველოს ეკონომიკური მომავლის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.