მთავრობამ გადაწყვიტა, დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს არა მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტულ კომპანიას, არამედ შაქრის ადგილობრივ წარმოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, შაქრის წარმოება ერთ-ერთია იმ დარგებს შორის, რომელსაც სახელმწიფო სერიოზულად განავითარებს და ააღორძინებს, რათა საკუთარი რესურსით მოვამარაგოთ ადგილობრივი ბაზარი, მათ შორის საქართველოში წარმოებული შაქრითაც.
„აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, რომ დავეხმარებით აგარის შაქრის კომბინატს, ამით იმასაც ვამბობთ, რომ ნებისმიერი საწარმო, რომელიც აწარმოებს საქართველოში შაქარს, იგივე პირობებით ისარგებლებს. ამ ეტაპზე აგარის შაქრის კომბინატი ყველაზე მეტად არის მზად შაქრის წარმოებისთვის და პრაქტიკულად ორ თვეში შეძლებს წარმოების დაწყებას. თუკი რომელიმე კომპანია არის წარმოებისთვის მზად, ჩვენ მათაც დავუდგებით გვერდში სხვადასხვა მექანიზმებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.