„ქარის და მზის რესურსის ენერგოსისტემაში ინტეგრაცია შეუძლებელი იქნება თუ ჩვენ არ გვექნება დამატებითი სარეზერვო სიმძლავრეები ჰიდრო სადგურების სახით“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ ენერგეტიკის ექსპერტმა დავით მირცხულავამ განაცხადა. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის განცხადებით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია მზისა და ქარის საქართველოს ენერგოსისტემაში ინტეგრაციაზე. ქართულ ენერგოსისტემაში ნამახვანის ჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„განცხადებაში პირდაპირ არის ნათქვამი, ქარის და მზის რესურსის ენერგოსისტემაში ინტეგრაცია შეუძლებელი იქნება თუ ჩვენ არ გვექნება დამატებითი სარეზერვო სიმძლავრეები ჰიდრო სადგურების სახით. თუ ჩვენ გვინდა, რომ დაახლოებით 1 300 მეგავატი ქარი და 500 მეგავატზე მეტი მზის რესურსი ავითვისოთ, ეს მოითხოვს არა მხოლოდ ნამახვანის ჰესის, არამედ დანარჩენის წყალსაცავიანი ჰიდრო სადგურების მშენებლობას“ , - აღნიშნა დავით მირცხულავამ
მირცხულავას განცხადებით, ჰესების მშენებლობა,როგორც ელექტრო სისტემისთვის ასევე იმპორტის ჩანაცვლების კუთხითაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„ნამახვანის პროექტში პირველი 15 წლის განმავლობაში შესყიდვის ფასი 3%-იანი ესკალაციით 6,2 ცენტია, პიკური ენერგიის რუსეთიდან 7,8 ცენტია, თურქეთიდან ამავე ენერგიის ფასი გაცილებით მაღალია. აქედან გამომდინარე დღეს რომ გვქონდეს ნამახვანის ჰესი, ის მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს იმ უძვირეს ენერგიას, რომელსაც საქართველოს ენერგო სისტემა დღეს ყიდულობს. მოგეხსენებათ,რომ პანდემიის პერიოდში მსოფლიოში ფასები დავარდა. დაახლოებით 2014, 2013 წელს, რუსეთიდან პიკური ენერგიის ფასი 9,3-9,4 ცენტი იყო, რასაც სწორედ ასეთი წყალსაცავიანი ჰესები გამოიმუშავებენ“ , - აღნიშნა დავით მირცხულავამ