დიდი ბრიტანეთის სკოლებში ის ბავშვები დადიან, რომელთა მშობლებიც კარანტინის მიუხედავად სამსახურში სიარულს აქტიურად განაგრძობენ, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ ჩართვისას ბრიტანელმა იმუნოლოგმა, პროფესორმა მაიკლ ედვარსმა განაცხადა, რომელიც დიდი ბრიტანეთის „იმპერიალ კოლეჯში“ მუშაობს.
მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება სკოლების დახურვის შესახებ სწორი იყო, რაც კორონავირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის.
„ვფიქრობ, სკოლების დახურვა სწორი გადაწყვეტილება იყო. მხოლოდ ის ბავშვები ივლიან სკოლებში, რომელთა მშობლებიც კარანტინის მიუხედავად სამსახურში სიარულს აქტიურად აგრძელებენ. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვები მთელი დღის განმავლობაში სახლში მარტო არ ყოფილიყვნენ. ვფიქრობ ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა მაიკლ ედვარსმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ საავადმყოფოებში საკმარისი ადგილები იყოს.
„რა თქმა უნდა, წინასწარ ვიცოდით, რომ საკმარისი ადგილები არ იქნებოდა, მაგრამ ასეთ რამეს წინასწარ ვერავინ გაითვალისწინებდა. სხვა ქეყნებში, სადაც ჩვენზე მეტი ადგილი აქვთ ინფიცირებულთათვის, მაინც არ არის საკმარისი. ახლა ყველა მობილიზებულია და საკმარისი ადგილი ყველასთვის იქნება“, - დასძინა ბრიტანელმა პროფესორმა.
კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს, რომ ბრიტანეთში პენსიაში გასული ექიმმები სამუშაოს უბრუნდებიან, მაიკლ ედვარსმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
„მცოდნე ექიმები ნამდვილად პრობლემაა. მეც გავიგე, რომ განიხილავენ, პენსიაზე გასული ექიმების დაბრუნებას. თუმცა, რადგანაც ასაკოვანი ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფში არიან, ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი“, - განაცხადა ბრიტანელმა პროფესორმა.
მაიკლ ედვარსმა საქართველოს მოსახლეობას თავისი რჩევებიც გაუზიარა, რათა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეჩერდეს.
„დაიცავით დისტანცია. ეცადეთ, რომ დარჩეთ სახლში. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. სასეირნოდ გასვლის შემთხვევაში დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია. ასევე ნაკლები ჩახუტება და ხელის ჩამორთმევა. სახლში დაბრუნებისას აუცილებლად დაიბანეთ ხელები“, - დასძინა მაიკლ ედვარსმა.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 5 683 ადამიანი, 289 კი გარდაიცვალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 66 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სულ გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge