კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი Facebook-ზე გუშინ გვიან ღამე, კლუბთან მომხდარ სროლას იხსენებს. ნაჯა ორაშვილის თქმით, კლუბიდან გაძევებული პირი 12-კალიბრიანი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მოსატანად სახლში წავიდა, უკან დაბრუნებულმა კი კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა.
„კლუბის ტერიტორიაზე არტისტის მოსაწვევით შემოსულმა და რამდენიმე წუთში კლუბის წესების დარღვევის გამო, ყოველგვარი კონფლიქტის, სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების გარეშე გაძევებულმა პირმა, მთელი ქალაქის გავლით სახლიდან მოიტანა 12 კალიბრიანი ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა.
დაცვის წევრების სწრაფმა რეაგირებამ, რომლებმაც დროულად ჩაკეტეს კლუბის შემოსასვლელი რკინის კარი, თავდამსხმელისგან იხსნა სტუმრები. მაგრამ ჩვენი ოჯახის სამი წევრი მაინც დაშავდა. ორი მათგანი ფეხის, ერთი კი ზურგის არეში დაიჭრა, რომლებსაც დღეს დილით გაუკეთდათ ოპერაცია. მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისევ რჩებიან საავადმყოფოში“, - წერს ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ორაშვილი წერს, 39 წლის მოძალადე წარსულშიც ნასამართლევია. „მან 2010 წელს ნასვამ მდგომარეობაში არაერთი გასროლის შედეგად დააზიანა აფთიაქი, რომელშიც ფსიქოტროპული მედიკამენტების ყიდვაზე უთხრეს უარი. 9 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ამ ადამიანის სამიზნე ჩვენ აღმოვჩნდით“, - წერს ნაჯა ორაშვილი.