ისტორიული ქვაფენილი ვარაზისხევში უნდა შენარჩუნდეს თუ არა, ამის შესახებ განხილვები ბოლო დღეებია აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერის ინიციატივით მერიამ ფეისბუქ გამოკითხვაც დაიწყო, რომლის შედეგებითაც მოსახლეობის 52 პროცენტი ფიქრობს, რომ ვარაზისხევში არსებული ქვაფენილი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ასფალტის საფარით არ უნდა ჩანაცვლდეს, 48 პროცენტს კი საწინააღმდეგო აზრი აქვს და თვლის, რომ ქვაფენილი ასფალტმა უნდა შეცვალოს.
თავად მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ქვაფენილი იქნება თუ ასფალტი. უბრალოდ, საზოგადოებას დაუსვა შეკითხვა, რადგან ვარაზისხევის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ქვაფენილის გამო გამოწვეულ ხმაურს, ხშირად აპროტესტებს.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორ აფასებენ ვარაზისხევში ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლების იდეას გზის მშენებელი კომპანიების წარმომადგენლები?
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე თბილისის მერს ფეისბუქ გამოკითხვის სანაცვლოდ არგუმენტირებული კონფერენციის მოწყობას ურჩევს, სადაც სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას.
„მე როდესაც პრობლემა მქონდა და ძალიან ბევრი ადამიანი წინააღმდეგი იყო წყნეთი-ბეთანიის გზის მშენებლობაზე, პირველად საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია მოვაწყე და თან ჩემი ფინანსებით. როგორ შეიძლება ინტერნეტში გამოცხადებული გამოკითხვით გადაწყვეტილება მივიღოთ? კარგია ის, რომ დისკუსია გაიხსნა, რადგან ნებისმიერი დისკუსია საქმეს მხოლოდ და მხოლოდ არგებს. თუმცა, ამაში უნდა ჩაერიოს არამარტო დილეტანტური სურვილები, არამედ პროფესიონალური მიდგომა. ამაში კი ჩვენ ძალიან გვიჭირს“-აცხადებს ტრაპაიძე.
მისი განცხადებით, დღეს საქართველოში პროფესიონალი მეგზევეების პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას.
ტრაპაიძე აღნიშნავს, რომ სწორად გაკეთებული ქვაფენილი ათწლეულებს უძლებს. ამის მაგალითად ტრაპაიძეს ძველი ტურისტული ქალაქები, მათ შორის კი ბადენ-ბადენი მოჰყავს, სადაც 100 წლის წინ გაკეთებული ქვაფენილები გვხვდება.
„დროა ვისწავლოთ ქვაფენილების სწორად გაკეთება, რადგან ის ასფალტს სჯობს. შეიძლება ცოტა ძვირი ჯდება, მაგრამ გამძლეა. დღეს თბილისში ასფალტს 5-6 წელში ერთხელ ვცვლით.
ქვაფენილი კეთდება იმ ადგილებში, სადაც ქანობი (დახრილი გვირაბი, რომელსაც არ აქვს უშუალო გამოსასვლელი დედამიწის ზედაპირზე და იყენებენ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ასაწევად) 5 პროცენტზე მეტია. ვარაზისხევში კი ქანობი 7-8, ზოგ ადგილებში 10 პროცენტზე მეტია. ეს გაანგარიშებულია იმაზე რომ ზამთარში ყინვის დროს მანქანას მოჭიდება უფრო მეტი ჰქონდეს. კომუნისტების დროს ეს ქვაფენილი ამიტომ გაკეთდა“-აცხადებს ტრაპაიძე.
მისივე განმარტებით, ქვაფენილს მეორე პლიუსიც აქვს. კერძოდ, თბილისი ცხელი კლიმატის ზონაშია. ასეთ დროს ასფალტი ორთქლდება და კარცეროგენურ ნივთიერებებს გამოყოფს. ქვას კი არაფერი ემართება, ეკოლოგიურად სუფთაა.
„ცემენტი, ქვა ეკოლიურად ბევრად უფრო სუფთაა, ვიდრე ასფალტი. თუ ვზრუნავთ იმაზე, რომ გვქონდეს ტურისტული ქვეყანა, ეკოლოგიას მაქსიმალურად უნდა მივხედოთ. გერმანიაში, საფრანგეთში ქვაფენილს ხელს არ ახლებენ. მხოლოდ საბჭოთა ქართველმა შეიძლება მოიგონოს, ის რომ ვარაზისხევში ქვაფენილი აყაროს და ასფალტი დააგოს. მაჩვენეთ ევროპის ერთი რომელიმე ტურისტული ქალაქი მაინც, სადაც ქვაფენილი აყრილია და ასფალტია დაგებული.
რატომღაც ყველა მალავს ილია ჭავჭავაძის სიტყვებს, როდესაც 19-ე საუკუნის დასაწყისში ის 1 კვირით ევროპაშ ჩავიდა. მან ამ ვიზიტის შემდეგ სტატია დაწერა შემდეგი სათაურით:„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ღვთისგან დაწყევლილი ქვეყანა ვართ“. გამოვასწოროთ ის, რაც დიდმა ილიამ თქვა. რატომ არ გვინდა, რომ ევროპელებისგან ვისწავლოთ? “-აცხადებს ტრაპაიძე.
როგორც ცნობილია,რამდენიმე დღის წინ, თბილისის მთავრობის სხდოამზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვარაზისხევში არსებული ქვაფენილი ხშირად ზიანდება, მიწისქვეშა კომუნიკაციები კი სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენს, რადგან შესაცვლელი და მოსაწესრიგებელია. ამას ემატება ხმაური, რაზეც მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ხშირად საუბრობს. პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ, როგორი დამოკიდებულება იქნება ვარაზისხევში ქვაფენილის ასფალტით შესაცვლასთან დაკავშირებით“-განაცხადა მერმა.
ერთი სიტყვით, ვარაზისხევთან დაკავშირებით მსჯელობა დაწყებულია.ვიდრე სოციალური ქსელით გამოკითხვის შედეგები გახდება ცნობილი და თბილისელები ქვაფენილსა და ასფალტს შეორის არჩევანს გააკეთებენ, მანამდე ვარაზისხევის გზის საფარს მორიგი რეაბილიტაცია უტარდება და, შესაბამისად, ქალაქის ბიუჯეტიდან თანხაც იხარჯება. თბილისის მერის განმარტებით ამჟამად ვარაზისხევის მხოლოდ არსებული ქვაფენილი წესრიგდება, რომელიც დაზიანებული იყო. რაც შეეხება ვარაზისხევის რეაბილიტაციას, ის წელს არ იგეგმება.
ავტორი: სოფო ქსოვრელი