მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათები ქსელურ კომპანიებზე არ ვრცელდება. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის მიხედვით, იმისთვის, რომ კომპანიამ დაწესებული საგადასახადო შეღავათებით ისარგებლოს, მხოლოდ მაღალმთიან რეგიონში უნდა ახორციელებდეს საქმიანობას.
ამასთან, საგადასახადო შეღავათებით ვერ ისარგებლებენ ის მეწარმეები, რომლებიც ახორციელებენ შემდეგ საქმიანობებს: საქონლით ვაჭრობა, მომსახურების გაწევა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშავება და მიწოდება) და ლიცენზირებისადმი/ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობა.
ეს ნიშნავს, რომ შეღავათებით ვერ ისარგებლებენ სასტუმროები, მათ შორის „გესტ ჰაუსები“, რესტორნები, მაღაზიები, ბანკები, აფთიაქები და ა.შ.
ამასთან, შესაძლებელია, რომ გარკვეული გამონაკლისები იყოს დაშვებული ვაჭრობისა და მომსახურების მიმართულებით, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, რატომ არ ითვალისწინებს კანონი შეღავათებს ქსელური კომპანიებისთვის, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონების გარდა საქართველოს სხვა ტერიტორიაზეც ახორციელებენ საქმიანობას? ასევე, რატომ არ ვრცელდება საგადასახადო შეღავათები მომსახურების გამწევ და სავაჭრო საქმიანობით დაკავებულ კომპანიებზე?
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქსელურ კომპანიებს გაუჭირდებათ დამოუკიდებლად ბუღალტერიის წარმოება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონში განლაგებული ობიექტებისთვის და ძნელი იქნება ხარჯების გამიჯვნა. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი გიორგი მალძიგაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კომპანიებისთვის რთული იქნება გამიჯნოს გათავისუფლებული საქმიანობით მიღებული მოგება და ისეთი ტიპის მოგება, რომელიც არ არის გათავისუფლებული გადასახადებიდან.
„პირდაპირი ხარჯების გარდა, არსებობს საერთო ადმინისტრაციული ხარჯები, საკმაოდ რთულია ასეთი ტიპის ხარჯების გამიჯვნა, მაგალითად, შეიძლება თბილისში იყოს ცენტრალური ოფისი, ამ ოფისთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე მმართველი პირების ხელფასები - ასეთი ტიპის ხარჯები ემსახურება ყველა ობიექტის საქმიანობას“,- აცხადებს გიორგი მალძიგაშვილი.
რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც მომსახურების უწვენ კლიენტებს და სავაჭრო საქმიანობით არიან დაკავებული, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათთვის შეღავათებს კანონი არ ითვალისწინებს. მისი თქმით, მაგალითად, მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს მასტიმულირებელი ეს კანონი ვერ იქნება, რადგანაც მას ისედაც აქვს საკმარისი პოტენციალი.
როგორც მალძიგაშვილი აცხადებს, კანონი ძალიან ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, თუმცა, დაინტერესება ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან არსებობს. მისივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახური რამდენიმე განაცხადს მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ უკვე ამუშავებს.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი შეღავათებს სხვადასხვა მიმართულებით ითვალისწინებს. უშუალოდ მეწარმეები კი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, 10 წლის განმავლობაში თავისუფლდებიან ქონების, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადისგან.
მეწარმეს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით. სტატუსის მისაღებად დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება,მისამართი); ბ) საქმიანობის მოკლე აღწერას (მათ შორის, საქმიანობის სახე და განხორციელების ადგილი). 3. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას. სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კალენდარული წლის დასაწყისიდან.
შეგახსენებთ, რომ "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონი 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ის მთაში მოსახლეობის დამაგრებას და მის განვითარებას ისახავს მიზნად.