მთავრობის უარი და თანხმობა - რა განსხვავებაა აზიის განვითარების ბანკის და ევროკავშირის სესხებს შორის

მთავრობის უარი და თანხმობა - რა განსხვავებაა აზიის განვითარების ბანკის და ევროკავშირის სესხებს შორის

access_time2021-10-07 10:00:22

„წელს არც ერთი ლარის, არც ერთი თეთრის სესხი არ აგვიღია“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზაფხულში გააკეთა. მიუხედავად პრემიერ-მინისტრის მტკიცებისა, სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში ფინანსური ვალდებულებების ზრდამ 3.5 მილიარდი ლარი შეადგინა, წლის ბოლომდე კი 12 თვეში აღებული ვალდებულებების მოცულობა 5.3 მილიარდ ლარს მიაღწევს. ბიუჯეტის მიხედვით, წლის ბოლოს სახელმწიფო ვალის საერთო მოცულობა 32 მილიარდი იქნება.


ურთიერთგამომრიცხავი ნაბიჯები



5.3 მლრდ. ლარის ვალში აზიის განვითარების ბანკის მიერ 21 სექტემბერს, საქართველოს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისთვის გამოყოფილი 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხიც შედის. სესხის მიზანია მხარი დაუჭიროს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისკენ მიმართულ მთავრობის ძალისმევას „ოპერაციული სტრუქტურის, ქვეყნის ელექტროგადამცემი კომპანიისა და მისი შვილობილის კორპორაციული მართვისა და ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესების გზით“.



აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხის დამტკიცებამდე რამდენიმე კვირით ადრე მთავრობამ ევროკავშირის 75 მილიონი ევროს მოცულობის მაკროფინანსურ დახმარებაზე თქვა უარი, რომლის მომსახურებაც, სხვადასხვა წყაროს ცნობით, თითქმის ორჯერ იაფი დაგვიჯდებოდა. მიზეზად განმარტეს, რომ ქვეყნის საგარეო ვალის გაზრდა აღარ სურდათ. თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მეორე ტრანშის გადმორიცხვის პირობა – სასამართლო რეფორმის ვალდებულება ვერ შეასრულა, სწორედ ამიტომ 15-წლიან შეღავათიან კრედიტს 0.125%-ის წლიური განაკვეთით, ვეღარ მიიღებდა.



სპეციალისტების შეფასებები



ისედაც გაზრდილი საგარეო ვალის პირობებში, დაბალპროცენტიანის ნაცვლად ძვირადღირებული სესხის აღება არაერთ კითხვას აჩენს, რომელთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას და ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.



საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის მიერ ელექტროგადამცემი სექტორის გასაძლიერებლად საქართველოსთვის 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სსე-ს კორპორატიზაციისა და ენერგობაზრის რეფორმების პროგრამის ფარგლებში, საქართველომ აზიის განვითარების ბანკთან ჯერ კიდევ პანდემიამდე პერიოდში, კერძოდ 2018 წელს მიაღწია შეთანხმებას ფინანსური რესურსი მიღების თაობაზე. რაც შეეხება ევროკავშირის სესხს, რომლის მიღებაზეც საქართველომ თქვა უარი, როგორც ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, უწყებამ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და მოსალოდნელია მისი გადაჭარბებით შესრულება, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო სწრაფად შევამციროთ ვალის აღების მაჩვენებელი.



სესხებთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება დეპუტატებსაც მოუწიათ. „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა განმარტავს, რომ სესხი, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს დაუმტკიცა, 2019 წლის ტრანშის ნაწილია.




„2019 წლის შემდეგ საქართველომ დაახლოებით 2 მლრდ-მდე შეღავათიანი სესხი უნდა მიიღოს, თუმცა ნაწილი უკვე ათვისებული გვაქვს, ნაწილზე უარი ვთქვით იმიტომ, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წლის დასაწყისში დაახლოებით 4% იყო, ახლა უკვე საუბარია ორნიშნა ციფრზე. საგარეო ვალი, რომელიც საგანგებო ნიშნულზე  60%-ზე იყო, წლის ბოლოს შეგვიმცირდება 54%-მდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება გარკვეული სესხების მხარდაჭერაზე უარის თქმა მოგვიწიოს. ამის შესაძლებლობას გვაძლევს ეკონომიკური ზრდა. მცდარი შეხედულებაა, თუ გგონიათ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი ერთ სესხზეა მიბმული“, - განაცხადა ზარქუამ.



„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე „კომერსანტთან“ ორ სესხს შორის განსხვავებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ევროკავშირის დაბალპროცენტიან სესხს თავისი ვალდებულებები მოყვებოდა, რაც მთავრობამ ვერ შეასრულა, აზიის განვითარების ბანკის სესხის აღებას კი „აქეთ გვეხვეწებიან“.



„ევროკავშირის სესხი პირობითი იყო, რომელიც სასამართლო რეფორმის გარკვეულ მოდელს გულისხმობდა, რაც მისაღები არ აღმოჩნდა ჩვენთვის, ამიტომ როდესაც ეს საკითხი გამწვავდა, მთავრობა ადგა და უარი თქვა. აქ საუბარი არ არის სჭირდებოდათ თუ არა, უბრალოდ თავიანთი ვალდებულებები ვერ შეასრულეს და შესაბამისად სხვა გზა არ იყო. აზიის განვითარების ბანკს ასეთი პოლიტიკური წინაპირობები არ აქვს. თუმცა ხშირია ე.წ. „ატკატების“ თემა, როდესაც საქმე აზიის განვითარების ბანკს და სხვა მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებს ეხება, ისინი ასეთი გზით ახერხებენ გარკვეული სესხების ლობირებას, ანუ აქეთ გეხვეწებიან სესხის აღებას, რადგან ეს მათთვის გარკვეული შემოსავალია. იმათ უფრო ვჭირდებით ჩვენ, ვიდრე ჩვენ ისინი“, - აღნიშნავს პაატა შეშელიძე.



ყოფილი პოლიტიკოსი და ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი მთავრობისგან უფრო დამაჯერებელი არგუმენტების მოსმენას ელოდება და ამბობს, რომ ხელისუფლების ამ დანაშაულებრივი ნაბიჯით სახელმწიფოს და მის მოსახლეობას პირდაპირი ფინანსური ზარალი მიადგა.



„ვინმე ახსნის, რატომ ვთქვით ევროკავშირის 75 მილიონ ევროზე უარი, რომელზედაც წელიწადში 2 მილიონი ლარი უნდა გვეხადა და რატომ დავთანხმდით აზიის განვითარების ბანკიდან 100 მილიონიან კრედიტს, რომელშიც წელიწადში 4 მილიონი დოლარის გადახდა გვიწევს? მთავრობამ ამ ნაბიჯით შემთხვევით ის ხომ არ დაადასტურა, რომ ბიუჯეტში ჭარბი შემოსავლების გაჩენა არანაირად არ იყო ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის ნამდვილი მიზეზი? ანუ, ბიუჯეტში შემოსავლების მატების მიუხედავად, ფული გვჭირდებოდა, ბევრად იაფ ფულზე უარი ვთქვით და ბევრად უარესი პირობებით ავიღეთ კრედიტი. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი არ ჯდება სახელმწიფოს მართვის არანაირ ლოგიკაში. მთავრობის ამ დანაშაულებრივი ნაბიჯით პირდაპირი ფინანსური ზარალი (პოლიტიკურს რომ თავი გავანებოთ) მიადგა სახელმწიფოს და მის მოსახლეობას. საქართველოს თითოეული მოქალაქეს მოგვიწევს ამ თანხის გადახდა. არავინ გვიხსნის, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ჩემი გადასახადიდან გადახდილი ფული მოხმარდეს ბევრად უფრო ცუდი პირობების კრედიტის დაფარვას და „ვაჟკაცურად“ თუ „პრინციპულად“ თქვას უარი ბევრად უკეთესი პირობების კრედიტზე“, - აღნიშნავს ირაკლი მელაშვილი.



საქართველოს საგარეო ვალის დინამიკა



2021 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 25,335 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 23,816 მლრდ. ლარი მთავრობის საგარეო ვალია. მთვარობას ყველაზე მეტი მსოფლიო ბანკის ვალი აქვს, შემდეგ ყველაზე მეტი ADB-ს ვალია, მესამე ადგილზე კი ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB).




ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up