საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კიდევ 126 ეკომიგრანტ ოჯახს, ქვემო ქართლის, კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სახლებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ.
„ეკომიგრანტებისთვის სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2016 წელს დაიწყო და ამ დრომდე, საცხოვრებელი 700-მდე ოჯახს უკვე დაუკანონდა. დაკანონების პარალელურად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით სააგენტო მათთვის სახლებს შეისყიდის“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, უსაფრთხო გარემოში 1500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა.