მთავრობის შეცდომები, რომლებმაც მოსახლეობა გააღარიბა

მთავრობის შეცდომები, რომლებმაც მოსახლეობა გააღარიბა

access_time2021-11-30 14:00:20

ქართული ოცნება 2012 წელს ხელისუფლებაში პოლიტიკურთან ერთად ძირითადად მემარცხენე მიმართულების დაპირებებით მოვიდა, რომლებშიც უხვად იყო პოპულიზმიც. ეს კი შემდგომში ქვეყანას ეკონომიკური ზრდის ტემპის განახევრებად დაუჯდა. პანდემიამდელ პერიოდშიც, 2013-2019 წლებში, მშპ 5%-ზე მეტით არასდროს გაზრდილა.

 


სავიზო რეჟიმის გამკაცრება 



წინა ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ საამაყო თემას ტურიზმის განვითარება წარმოადგენდა, რასაც ოცნების ლიდერთა ნაწილი ქილიკით ხვდებოდა, ნაწილის შედარებით მოზომილი პოზიცია ეკავა. ისინი ტურიზმს იწონებდნენ, თუმცა როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დამატებით საშუალებას. პარალელურად მუსირებდა აზრი, რომ „ირანელებმა, ერაყელებმა, ჩინელებმა, ინდოელებმა და ათასმა გადამთიელმა წაგვლეკა“, რომ უცხოელების შემოსვლით „ქართველობის დაკარგვის“ საფრთხე გაჩნდა. 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, 2014 წლის სექტემბრიდან სავიზო რეჟიმი გამკაცრდა. თუ იქამდე 118 ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლა უვიზოდ იყო შესაძლებელი, ცვლილებების შემდეგ მათი რიცხვი 94-მდე შემცირდა, ამ 94 ქვეყნის მოქალაქეებსაც საქართველოში დარჩენის ვადა 4-ჯერ 360 დღიდან 90 დღემდე შეუმცირდათ. გარდა ამისა, აეროპორტმა ვიზის გაცემის ფუნქცია დაკარგა და მისი აღება საკონსულოებში გახდა სავალდებულო. რეალურად საქართველოში შემოსვლა მხოლოდ არაბებსა და ინდოელებს კი არა, შენგენის ზონის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც გართულდათ. 2015 წელს გამკაცრებული სავიზო რეჟიმი შემსუბუქდა, შემდეგ კი ძველ ფორმას დაუბრუნდა. ხარვეზები ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა.

 


2011 წელს ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით 39%-ით გაიზარდა, 2012 წელს 57%-ით, 2013 წელს 26%-ით, 2014 წელს მხოლოდ 2%-ით, 2015 წელს 5%-ით, 2016 წელს 2.7%-ით 2017 წელს 20%-იანი ზრდა დაბრუნდა. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2011 წელს ის 45%-ით გაიზარდა, 2012 წელს 48%-ით, 2013 წელს 22%-ით, 2014 წელს მხოლოდ 4%-ით, 2015 წელს 4.5%-ით, 2016 წელს 13%-ით და 2017 წელს 28%-ით. რომ არა 2014-2016 წლების ჩავარდნა, საქართველო 2019 წელს ტურიზმიდან $3.3 მლრდ-ს მაგივრად 4.3 მლრდ-ს მიიღებდა.

 


საბაკო რეგულაციები 



მდიდარ ქვეყნებში სესხს ძირითადად ბიზნესის დასაწყებად, ახალი ავტომობილის ან სახლის შესაძენად იღებენ, ღარიბ ქვეყნებში საკვების საყიდლადაც კი. საქართველო ღარიბი ქვეყანაა დღესაც, ღარიბი იყო 5 წლის წინაც, რის გამოც მოსახლეობის დიდ ნაწილის სესხზე ვადაგადაცილება უფიქსირდებოდა. ბევრმა სახლიც დაკარგა, თუმცა უნდა აღინიშნოს ერთი აუცილებელი გარემოება, რომ ბანკების წილი გაყიდულ სახლებში 1%-ზე ნაკლები იყო, 20%-მდე მიკროსაფინანსოებს ეკუთვნოდათ და 80%-ზე მეტი კერძო იპოთეკარებს. დასაკუთრებულ ქონებაში ბანკების მცირე წილის მიზეზი ბანკების აქციონერთა კეთილი განზრახვა არ ყოფილა, უბრალოდ ბანკები იმ ადამიანს, რომელსაც მაღალი შემოსავალი არ გააჩნდა იპოთეკურ სესხს არ აძლევდნენ. ბანკი უზრუნველყოფაში ჩასადებ ქონებას სხვებთან შედარებით ძვირად აფასებდა. პირობითად $100 000-იან სახლზე $70 000-ს გასცემდა, რის გამოც მისთვის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის მიღება უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე სახლის აუქციონზე გატანა. ბანკისგან განსხვავებით კერძო იპოთეკარები $100 000-იანი სახლის უზრუნველყოფის სანაცვლოდ ბევრად უფრო მაღალი პროცენტით მხოლოდ 20-25 ათას დოლარს გასცემდნენ, ისინი მაშინაც მაღალ მოგებას მიიღებდნენ თუ მსესხებელი სესხს დაფარავდა, რაც იშვიათად ხდებოდა და მაშინაც თუ სახლი მათ საკუთრებაში გადავიდოდა.

 


2017-2019 წლებში ფინანსურ ბაზარზე რეგულაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ჯერ 100%-მდე, ხოლო შემდეგ 50%-მდე შემცირდა, რის შედეგადაც vivus.ge და სხვა მსგავსი ონლაინ გამსესხებლები მთლიანად გავიდნენ ბაზრიდან, მიკროსაფინანსოთა რაოდენობა კი განახევრდა, რის შედეგადაც ბანკების წილმა საფინანსო ბაზარზე 95%-ს გადააჭარბა.

 


რეგულაციები თავად ბანკებსაც გაუმკაცრდათ. უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა ჯერ 100 000 ლარამდე, ხოლო შემდეგ 200 000 ლარამდე აიკრძალა. ასევე დადგინდა სპეციალური ზღვარი, თუ რა წილი შეიძლება იხადოს მსესხებელმა სესხის მომსახურებაში თავისი დადასტურებული შემოსავლიდან.


 


დოლარში სესხის გაცემის შეზღუდვამ ლარში სესხზე მოთხოვნა ხელოვნურად გაზარდა. მოთხოვნის ზრდისას კი, როგორც წესი, ფასები იზრდება ხოლმე. 2017 წლის იანვარში ფიზიკური პირებისთვის ლარში სესხს საშუალოდ 23.4% ერიცხებოდა, 2021 წლის ოქტომბერში 17.8%. თუ პირველ რიცხვს მეორეს პირდაპირ გამოვაკლებთ 5.6%-ს მივიღებთ, მაგრამ რეალურად ამ არასრული 5 წლის განმავლობაში ფიზიკური პირებისთვის ლარში სესხის ხარჯი 24%-ით შემცირდა (1-17.8*100/23.4=24). იმავე პერიოდში უცხოურ ვალუტაში სესხი 8.7%-დან 5.3%-მდე შემცირდა, რაც რეალურად 39%-იანი კლებაა. თუ მხოლოდ სამომხმარებლო სესხს განვიხილავთ, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ფიზიკური პირებისთვის 2017 წლის იანვრიდან დღემდე საპროცენტო ხარჯი 20%-დან 20.5%-მდე გაიზარდა. მაშინ როცა უცხოურ ვალუტაში 9%-დან 5.7%-მდე შემცირდა. სამომხმარებლო სესხებში ლარიზაციის კოეფიციენტი 2017 წლის იანვარში 76.6% იყო, 2021 წლის ოქტომბერში 88.6%. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საპროცენტო ხარჯი უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხის ხარჯს 2017 წლის იანვარში 2.2-ჯერ აღემატებოდა, 2021 წლის ოქტომბერში კი 3.6-ჯერ.

 


რეგულაციების გამკაცრებით 2 დიდი ბანკის დომინაცია ბაზარზე კიდევ უფრო გაიზარდა. სესხების 60%-ზე მეტი და მოგების 85%-ზე მეტი დღეს თიბისისა და საქართველოს ბანკზე ნაწილდება.

 


კოვიდრეგულაციები 



გასული წლის მარტში საქართველოს მთავრობამ, ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობის მსგავსად, დაიჯერა, რომ უხილავ ვირუსს შლაგბაუმით შეაჩერებდა. შეზღუდვები სხვადასხვა დოზით თითქმის ყველა სახელმწიფომ აამოქმედა, მაგრამ საქართველო ამ მხრივაც გამორჩეული აღმოჩნდა. სურსათის მაღაზიების, აფთიაქებისა და ბანკების გარდა ყველა სხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტი დაიხურა, მათ შორის ჰიგიენის საშუალებების მაღაზიები და სავალუტო ჯიხურები. გარკვეული დროით ონლაინ ვაჭრობაც კი აკრძალული იყო. პატრულს შეეძლო მამა-შვილი მაღაზიაში დისტანციის დაუცველობის ბრალდებით, ან ავტომობილში მეუღლის გვერდზე ჯდომის ბრალდებით ადამიანები 3000 ლარით დაეჯარიმებინა, განმეორებითი შემთხვევა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. თუ ვინმეს მეუღლის და 2 შვილის თბილისიდან სოფელში ჩაყვანა სურდა საკუთარი ავტომობილით, 2 რეისი უნდა გაეკეთებინა. საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად 10 დღით კერძო ავტომობილით გადაადგილებაც აკრძალული იყო.

 


შეზღუდვებმა პირველი 6 თვე მართლაც იმუშავა. კოვიდით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით ყოველი 1 მლნ ადამიანიდან საქართველო 150-ს მიღმა იდგა. 2020 წლის სექტემბრიდან ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. დღეს 1 მლნ-დან 211 000 ინფიცირებულით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზე იმყოფება. მას მხოლოდ მონტენეგრო, სეიშელი, ანდორა და არასუვერენული გიბრალტარი უსწრებს. ოთხივე სახელმწიფოში ჯამში 900 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. 1 მლნ-დან 3010 გარდაცვლილით კი საქართველო მე-8 ადგილზე იმყოფება. კოვიდმა ქვეყანაში უკვე 12 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა რაც უკვე 27-ჯერ მეტია, ვიდრე აგვისტოს ომში დაგვეღუპა. 30 ნოემბრის მდგომარეობით, ორი დოზით მოსახლეობის მხოლოდ 27%-ა აცრილი, 1 დოზით 31%, რაც მიზნობრივი მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია.

 


უმკაცრესმა შეზღუდვებმა საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.8%-ით შეამცირა, რაც 1994 წლის შემდეგ აღარ მომხდარა, ომის შემდგომ პერიოდში, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, 2009 წელს მშპ მხოლოდ 3.7%-ით შემცირდა. მართალია წელს 10 თვეში 10.5%-იანი ზრდა ფიქსირდება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გასული წლის კატასტროფული ვარდნის ფონზე. თავის მხრივ კითხვებს არსებული ზრდის ნამდვილობაც ბადებს. აპრილში ოფიციალურად მშპ 44.9%-ით გაიზარდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 16.6%-იანი ვარდნის შემდეგაც კი საეჭვოდ გამოიყურება. სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, აპრილში კომენდანტის საათის 21:00 საათიდან მოქმედებდა და სავაჭრო ცენტრები მუშაობას 19:00 სთ-ზე ასრულებდნენ, მაშინ როცა ადამიანები სამსახურებიდან გამოდიოდნენ.

 


ოფიციალური ინფლაცია 12.8%-ს აღწევს ეს მაშინ, როცა საქსტატი გაძვირებულ, მაგრამ ბიუჯეტიდან სუბსიდირებულ ელექტროენერგიას ფასების მატებად არ თვლის, ხელოვნურად შემცირებული ინფლაცია კი მშპ-საც ხელოვნურად ზრდის.

 


2021 წლის ოქტომბერში სოციალური დახმარება 633 000-მა ადამიანმა აიღო  206 000-ით მეტმა, ვიდრე 2020 წლის იანვარში და 123 000-ით მეტმა, ვიდრე გასული წლის ოქტომბერში. 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ტრაბახის ფონზე მთავრობა ირიბად აღიარებს, რომ სიღარიბე ერთ წელიწადში 24%-ით გაიზარდა.


გიორგი ელიზბარაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up