„ბიბლუსი” დროებით ონლაინ-ვაჭრობას აჩერებს. მთავრობის დადგენილებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე “ ბიბლუსს” და მასში შემავალ კომპანიებს: პეპელასა და XS Toy-ს აეკრძალა ყველა ტიპის ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის ონლაინ-ვაჭრობა.
როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა თიკო ფეიქრიშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა, მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, რომ კომპანიამ სრული წესების დაცვით ისევ შეძლოს მომხმარებლისთვის წიგნების მიწოდება.
„ბიბლუსის“ წარმომადგენლის თქმით, საქართველოს მასშტაბით დახურული 65 ფილიალის შემდეგ, ონლაინ ვაჭრობის შეზღუდვამ კომპანია სრულ ზარალამდე მიიყვანა.
„ონლაინ მუშაობის ნებართვა არ შეგვეხო. ამ ეტაპზე ველოდებით ნებართვას, რომელზეც ვმუშაობთ, თუ დავიცავთ ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ წესებს შესაძლოა ონლაინ მუშაობა განვაახლოთ, თუმცა ჯერ ზუსტად უნდა დავადგინოთ რისი გაკეთება მოგვიწევს. ამ ეტაპზე არ ვიცით როდის იქნება ზუსტი პასუხი გავაგრძელებთ თუ არა საქმიანობას, მანამდე ყველანაირ აქტივობა შეჩერებული გვაქვს და კომპანია 100%-იან ზარალზეა.“-აცხადებს ფეიქრიშვილი.
კომპანიამ ასევე მიმართა მოსახლეობას და იმედი გამოთქვა, რომ არსებული მდგომარეობა მალე გამოსწორდება.
„გვინდა, პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ ასეთ რთულ ვითარებაშიც წიგნების მიმართ გამოვლენილი დიდი ინტერესის გამო, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ვაკეთებთ ქვეყნისთვის საჭირო და სასარგებლო საქმეს. თუმცა აქვე გიხდით ბოდიშს შეფერხების გამო, ვინაიდან გვიწევს შეზღუდული რესურსებით მუშაობა. ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ყველა თქვენი შეკვეთა ჩაგაბაროთ. გვჯერა, გაგებით მოეკიდებით არსებულ მდგომარეობას. იმედი გვაქვს ყველაფერი მალე გამოსწორდება და შევძლებთ კვლავ ჩვენს მაღაზიებში თქვენს მასპინძლობას და ასევე განვაახლებთ ონალინგაყიდვებს.
აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ მრავალჯერ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ამ რთულ ვითარებაში ემსახურებოდნენ ჩვენს მომხმარებლებს.“-აცხადებენ „ბიბლუსში“.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის 2020 წლის 30 მარტს გამოცემულ 204-ე დადგენილებით საქართველოში გამკაცრდა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომები. კერძოდ ონლაინ ვაჭრობა შესაძლებელია საკვები პროდუქციის მიწოდების შემთხვევაში. 2 აპრილს მიღებული დადგენილებით, დისტანციურად ვაჭრობის უფლება ეძლევა იმ კომპანიებს, რომლებიც იცავენ უსაფრთხოების წესებს. გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობების სია, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ.
ნათია ლომიძე