ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსზე ტესტირების ახალი ალგორითმი შეიმუშავა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ალგორითმი განსაზღვრავს როგორც ჯგუფებს ტესტირებისთვის, ასევე განსაზღვრავს იმ მეთოდებს, რა მეთოდით უნდა ჩატარდეს ტესტირება ამა თუ იმ ჯგუფში. რა თქმა უნდა, ოქროს სტანდარტი კვლავაც რჩება PCR მეთოდით ტესტირება, მაგრამ ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული სწრაფი ტესტების ადგილი. ეს შეეხება როგორც ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, ასევე ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს“, - აღნიშნა გაბუნიამ.
ალგორითმში პაციენტთა 3 ჯგუფია გათვალისწინებული. პირველი რიგში ეს არიან სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას. თუმცა ახალი ალგორითმი ტესტირების ჩატარების შესაძლებლობას იმ პირებსაც მისცემს, ვისაც მოგზაურობის ანამნეზი არ აქვთ და ამბოლატორიულ კლინიკებს ან ჰოსპიტლებს ცხელებით მიმართავენ. მესამე ჯგუფს კი მაღალი რისკის პირები მიეკუთვნებიან: კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი და ორგანიზებულ ინსტიტუციურ დაწესებულებებში მომუშავე პირები.
გაბუნიამ ქვეყანაში არსებული ტესტების რაოდენობაზეც ისაუბრა.
„ამ დროისთვის ქვეყანაში არის 4 ათასი ანტისხეულზე დამყარებული ტესტი და ასევე არის 2 ათასი სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი, რომელსაც სჭირდება ანალიზატორი იმისთვის, რომ ეს ტესტი შესრულდეს. გარდა ამისა ჩვენ უმოკლეს ვადაში ველოდებით დამატებით კიდევ 2 ათას ანტიგენ ტესტს, რომლის გაკეთება უკვე ანალიზატორის გარეშე არის შესაძლებელი და მისი გამოყენება მოხდება მარტივად კლინიკების მიერ“, - დასძინა გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 23 ადამიანი განიკურნა.
imedinews.ge