საქართველოს მთავრობა სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ჩინეთსა და კორეასთან აწარმოებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანი ტესტების სიზუსტე და სანდოობა, რადგან მთავრობამ მოქალაქეების მკურნალობაზე პასუხისმგებლობა სრულად აიღო.
„ჩვენ გვაქვს სამთავრობო მოლაპარაკებები კორეასთან და ჩინეთთან, ვინაიდან ამ ქვეყნებს აქვთ ყველაზე საუკეთესო გამოსავლები და გამოცდილება კორონავირუსის ტესტირებასთან, ისევე როგორც გამოსავლებთან მიმართებაში. მნიშვნელოვანი არის ხაზი გაესვას შემდეგ: ძალიან ბევრი მომწოდებელი იმყოფება ბაზარზე დღეს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნლოვანი არის, რომ მოხდეს ტესტების ხარისხის შემოწმება, იმისთვის, რომ არ მოხდეს გადაცდომა, რისი შედეგიც შეიძლება იყოს სავალალო ჩვენი მოქალაქეებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას აქვს აღებული სრული პასუხისმგებლობა ადამიანების მკურნალობაზე, ჩვენ გვინდა, რომ დიაგნოსტიკის კომპონენტშიც გვქონდეს მაქსიმალურად მკაფიო გეგმა და ასევე უმაღლესი ხარისხი“, - განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
Imedinews.ge