მსოფლიოში უდიდესი თვითმფრინავი ჰაერშია! უზარმაზარი, დირიჟაბლის მსგავსი Airlander 10 ჰაერში 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რასაც თვეების განმავლობაში ფრენის სამზადისი და წლების განმავლობაში ფონდების მოძიება უძღოდა წინ.
ნაწილობრივ დირიჟაბლი, ნაწილობრივ ვერტმფრენი და ნაწილობრივ თვითმფრინავი 300 ფუტის (91.44 მეტრი) სიგრძისაა. Airlander 10 მსოფლიოში უდიდეს თვითმფრინავზე 50 (15.24 მეტრი) ფუტით გრძელია. ოთხძრავიანი Airlander 10 ბრიტანულმა კომპანია Hybrid Air Vehicles-მა შექმნა. მას შიდა სტრუქტურა არ გააჩნია და ფორმას მის კორპუსში არსებული 38,000 კუბური მეტრის მოცულობის, ჰაერზე უფრო მსუბუქი ჰელიუმით ინარჩუნებს. თავად კორპუსი კი უმსუბუქესი ნახშირბადის ბოჭკოვანისგან არის დამზადებული.
თავდაპირველად თვითმფრინავი აშშ-ის სამხედრო დაზვერვისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა პროექტი 2013 წელს ბიუჯეტის შემცირების გამო ჩავარდა. Hybrid Air Vehicles-მა მოგვიანებით ორი ფონდისგან 3.4 მილიონი ფუნტის მოზიდვა შეძლო. ამასთან, კომპანიამ ევროკავშირისა და ბრიტანეთის მთავრობისგანაც შეძლო გრანტების მიღება. პროექტის ავტორების მიხედვით Airlander 10 ათი ტონა ტვირთის გადატანა და საძიებო და სამაშველო ოპერაციების განხორციელება შეეძლება. გადაადგილების შემთხვევაში მას ჰაერში 5 დღის განმავლობაში შეეძლება გაჩერება, ხოლო უძრაობის შემთხვევაში იგივეს 2 კვირის მანძილზე გააკეთებს. Airlander 10-ის მაქსიმალური სიჩქარე 146 კმ/სთ-ა. აღსანიშნავია ისიც, რომ თვითმფრინავს ჰაერში ასაფრენად სპეციალური ბილიკი არ სჭირდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ Airlander 10 აფრენას მიწიდან, თოვლიდან, ყინულიდან და წყლიდანაც შეძლებს.