ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 95 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 95 042 229 შემთხვევა გამოვლინდა, 2 030 805 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 52 318 440 - გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 23 933 368 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 397 574 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.
imedinews.ge