წელს სიტყვა გარდამტეხი უფრო მეტია, ვიდრე რიტორიკა - ეს არის მომენტი, როდესაც გადაწყდება, განაგებს თუ არა სასტიკი ძალა მსოფლიოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მიმდინარე „მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე“ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა იმაზე მეტხანს იბრძვის, ვიდრე მოსალოდნელია, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას არ მოუწევდა ომის ატანა, ამდენი მსხვერპლით, თუ რუსეთს მკაცრ სანქციებს გასული წლის შემოდგომაზე დაუწესებდნენ.
ზელენსკის თქმით, რუსეთს „მაქსიმალური სანქციები“ უნდა დაუწესონ იმისთვის, რომ ეს შემაკავებელი ფაქტორი გახდეს რუსეთისთვის და ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რომელსაც სურს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრას.
მისი თქმით, ჯერჯერობით ასეთი სანქციები არ არსებობს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სრული ემბარგო ნავთობის იმპორტზე, ყველა რუსული ბანკის, გამონაკლისის გარეშე, გათიშვა გლობალური სისტემებიდან, რუსეთის IT სექტორის მიტოვება და რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბიზნესის წარმომადგენლებს მომართა და მოუწოდა მათ, ვისაც ჯერ არ დაუტოვებია რუსეთი, გააკეთონ ეს. მისი თქმით, კომპანიებს, რომლებიც რუსეთს დატოვებენ, მიესალმებიან უკრაინის ბაზარზე.
„აუცილებელია შეიქმნას პრეცედენტი რუსეთიდან ყველა უცხო ქვეყნის სრული გაყვანისთვის, რათა ისინი არ გამოიყენონ რუსეთის სისხლიანი ინტერესებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ მსოფლიოს შანსს, შექმნას პრეცედენტი იმისა, რა მოხდება, თუ თქვენ ცდილობთ მეზობლის განადგურებას. გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ ამ რეკონსტრუქციაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ipn.ge