ბოლო კვირის განმავლობაში მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 444 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიო საფონდო ბაზრებზე საბირჟო ინდექსების მასშტაბური დაცემა გახდა.
ყველაზე დიდი დანაკლისი Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განიცადა. მან 11,9 მილიარდი დოლარი დაკარგა. Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის ქონება კი 10 მილიარდით შემცირდა. 9,1 მილიარდი დაკარგა LVMH-ის (Louis Vuitton Moët Hennessy) ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ, 9 მილიარდი კი Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა.
„დაზარალებულთა“ ათეულში მოხვდნენ ამერიკელი ბიზნესმენი უორენ ბაფეტი, Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი, Google-ის დამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი და მექსიკელი ბიზნესმენი კარლოს სლიმი.
ზარალის 80% მილიარდერებმა სწორედ კორონავირუსის გამო განიცადეს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
imedinews