გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 2020 წელს 11%-ით 9564-მდე შემცირდა. ვარდნა გაცილებით მასშტაბური იყო ასაშენებელ ობიექტთა ჯამური ფართის მიხედვით. ერთ წელიწადში ის 30.9%-ით 5.206 მლნ კვადრატულ მეტრამდე შემცირდა.
გაცემული სამშენებლო ნებართვების ნახევარზე მეტი - 53.5% თბილისზე მოდის, 9.6%-ით მეორე ადგილზე ქვემო ქართლია, მცხეთა-მთიანეთი 7%-ით მესამე ადგილს იკავებს, 6.9%-ით მეოთხეზე იმერეთია. რაც შეეხება აჭარას 5.9%-ით მეხუთე ადგილს დასჯერდა.
2020 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოები სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, 27.8% თბილისზე, 14.6% კახეთზე, 10.1% ქვემო ქართლზე და 9.5% იმერეთზე.
2020 წელს გაცემულ ნებართვებთან ერთად ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა და ფართიც მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ: ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2134 ობიექტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9%-ით ნაკლები. ამ ობიექტების ჯამურმა ფართმა 1.694 მლნ კვადრატული მეტრი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 33.5%-ით ნაკლებია.
გიორგი ელიზბარაშვილი