მსგავსი პლატფორმა არცერთ სტატისტიკის სამსახურს არ აქვს, — ასე შეაფასა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ გიორგი აბაშიშვილთან ერთად ეკონომიკური ანალიზის პორტალი.
„საქსტატის მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოებაა, მაგრამ ჩვენი ამოცანაა ამავდროულად მისი შეთავაზება მომხმარებლისთვის ადვილად აღსაქმელი ფორმებით, რაც უწყობს ხელს მის გამოყენებას. აქედან გამომდინარე ახალი სტატისტიკური პროდუქტი — ეკონომიკური ანალიზის პორტალი ძალიან კარგი საშუალებაა, რომელიც იძლევა დარგების ანალიზის შესაძლებლობას, სხვადასხვა მაკროეკონომიკური პარამეტრის მიხედვით. ის მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას დააკვირდეს თუ როგორ შეიცვლება ეკონომიკის ზომა, ამა თუ იმ დარგში წარმოებული პროდუქციის მოთხოვნის ზრდის ან შემცირების საფუძველზე.
ახალი პორტალი მონაცემთა გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ინტერაქტიულ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს სთავაზობს დარგების ეკონომიკურ ანალიზს სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, როგორიცაა დამატებითი ღირებულება, ძირითადი კაპიტალის ფორმირება, დასაქმება, შრომის ანაზღაურება და სხვა.
პორტალის მეშვეობით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სურვილისა და საჭიროების შესაბამისად, შეაფასოს ცალკეული დარგის პროდუქციაზე მოთხოვნის ცვლილების გავლენა მთლიან ეკონომიკაზე“, -აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
ახალი პროდუქტი საქსტატის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია დღეიდან, ქართულ და ინგლისურ ენებზე. მასზე არსებულ მონაცემთა განახლება განხორციელდება ყოველწლიურად რესურსებისა და გამოყენების ცხრილებთან ერთად.