კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ რუსეთში ამ შაბათ-კვირას დაბრუნდება, მას შემდეგ, რაც თითქმის ხუთი თვე დაჰყო გერმანიაში, საწამლავით მოწამვლის მერე მკურნალობის მიზნით.
„კითხვა 'დავბრუნდე თუ არა' არასოდეს იდგა ჩემს წინაშე, რადგან მე ჩემი ნებით არ წავსულვარ. გერმანიაში ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში მოვხვდი. შაბათს, 17 იანვარს სახლში დავბრუნდები, გამარჯვების რეისით“ - წერს ნავალნი ტვიტერზე 13 იანვარს.
ნავალნი ცუდად გახდა ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ რეისზე 20 აგვისტოს, ის ჯერ ხელოვნურად გამოწვეულ კომაში იყო და მას ციმბირის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, შემდეგ გერმანიაში გაგზავნეს სამკურნალოდ.
სამი ევროპული ქვეყნის ლაბორატორიებმა - ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის დასტურით - დაადგინეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტით. ამ დასკვნის შემდეგ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს ოფიციალურ პირს და სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტს.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნავალნის სხეულზე საწამლავის კვალი არ იყო აღმოჩენილი მის გერმანიაში გამგზავრებამდე და უარს ამბობს ინციდენტის ფამოძიებაზე. ნავალნი თავის მოწამვლაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს.
გასულ თვეში რუსეთის საპატიმროთა ფედერალურმა სამსახურმა ნავალნის უთხრა, დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო გერმანიიდან - წინააღმდეგ შემთხვევაში მას რუსეთში პატიმრობა ემუქრებოდა, 2014 წელს, გაყალბებასთან დაკავშირებული სასჯელის პირობების დარღვევის და გამომძიებლებისგან თავის არიდების გამო. ნავალნის წინააღმდეგ 2014 წლის საქმეს ბევრი აღიქვამს პოლიტიკურად მოტივირებულად.
www.radiotavisupleba.ge