“კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, რომელიც თავდაპირველად ჩინეთში დაიწყო, მსოფლიოში ნავთობის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა საუდის არაბეთი მიმდინარე წლის დასაწყისიდან იძულებული გახდა ჩინეთი ჩაენაცვლებინა ნავთობის გასაღების ახალი არხებით.საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც კორონავირუსმა მოგვიანებით შეაღწია და სადაც ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა “Motiva” საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის Saudi Aramco-ს საკუთრებაა და ნედლეულსაც მისგან იღებს.შედაგად საუდის არაბეთიდან აშშ-ის მიმართულებით ექსპორტირებული ნავთობის ყოველთვიური მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა. “-ამის შესახებ „კომერსანტთან“ კომპანია „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, გარდა ამისა, OPEC-ის წევრმა ქვეყნებმა მარტში ვერ შეძლეს მისულიყვნენ საერთო შეთანხმებამდე შეემცირებინათ ნავთობის მოპოვებოს კვოტები.შეთანხმება შედგა მხოლოდ 1 კვირის წინ, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.
„გამოდის, რომ კოვიდ-19 პანდემიის დროს მიწოდება რჩებოდა იგივე დონეზე, როდესაც მოთხოვნა კატასტროფულად იყო შემცირებული, ვინადიან ამ ეტაპზე გლობალურ სამყაროში სახეზე გვაქვს ეკონომიკური აქტივობის ე.წ. ლოკდაუნი აქედან გამომდინარე შესაბამისი შედეგებით. ამ ყველაფერმა გამოიწვია ნავთობსაცავების გადავსება აშშ-ში.
20 აპრილი იყო ბოლო ვადა, როდესაც ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟა (NYMEX) დასავლურ ტეხასური ნავთობის (WTI) მაისის ფიუჩერსებზე ვაჭრობდა. ნავთობის მწარმოებელი კომპანიებისთვის ეს იყო ბოლო შანსი შევსებული ნავთობსაცავების განსატვირთად, ხოლო პროფესიონალი ტრეიდერებისთვის იყო ბოლო შანსი დაეხურათ პოზიციები მაისის ფიუჩერსებზე.
შედეგად 1 ბარელი დასავლურ ტეხასური ნავთობის ( WTI) ფიუჩერსის ფასი, რომელსაც ასევე უწოდებენ ამერიკულ ნავთობს, ერთ მომენტში მინუს 40 დოლარზეც კი ჩამოვიდა,ბოლო მონაცემებით ახლა მისი ფასი მინუს 1 დოლარის ფარგლებშია.
პროცესების ამ სცენარით განვითარებას ასცდა ჩრდილო-ევროპული ნავთობი (Brent). თუმცა გარკვეული კორექტირება მისმა ფასმაც განიცადა და ახლა ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 22 აშშ დოლარის ფარგლებშია. ევროპაში, და არა მარტო, ნავთოპროდუქტების ფასწარმოქმნაზე გავლენას ახდენს სწორედ ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი და აშშ-ში დასავლეთ ტეხასური ნედლი ნავთობის ფასის გუშინდელი მკვეთრი დაცემის მიუხედავად ევროპული ქვეყნებისთვის მისაწოდებელ ნავთობპროდუქტებზე ფასები (ე.წ. ხმელთაშუაზღვის აუზის პლაცები) მხოლოდ ოდნავ არის შემცირებული. საქართველოშიც ნავთოპროდუქტების იმპორტი აღნიშნული პლაცების გამოყენებით ხორციელდება.
„ვისოლ პეტროლიუმის“ ავტო-გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლო პერიოდში 35-40 თეთრით შემცირდა. მოთხოვნა ნავთობპროდუქტებზე, ჩვენს ქვეყანაშიც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად არის შემცირებული. თუმცაღა, იმედი გვაქვს, რომ ზოგადი სიტუაცია ეკონომიკასა და ბიზნესში მოკლე პერიოდში დაიწყებს გამოსწორებას. ამასთან, სრულიად ვიზიარებთ პოზიციას, რომ ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა გადავტეხოთ პანდემიის საფრთხე”- აცხადებს სოსო ფხაკაძე, ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი.
სოფო ქსოვრელი