საქართველოში მოსახლეობა ინტერნეტს ყველაზე ხშირად Facebook-ის მოხმარებისთვის იყენებს, - ასეთია NDI-ის კვლევის შედეგები. კერძოდ, გამოკითხული რესპონდენტების 69% ამბობს, რომ ინტერნეტს მოიხმარს, მათი 72% კი ამბობს, რომ ინტერნეტს ყველაზე ხშირად Facebook-ის გამო მოიხმარს.
ინტერნეტის მოხმარების მიზნებს შორის მეორე ადგილზე საძიებო სისტემა Google-ია - 49%; მესამე ადგილზე კი მუსიკის მოსამენა, ფილმებისა და ვიდეობის ყურებაა - 20%.
კითხვაზე „რას აკეთებთ ხოლმე ყველაზე ხშირად, როდესაც ინტერნეტს იყენებთ?“, გამოკითხული რესპონდენტების 20% ამბობს, რომ იყენებს სოციალურ ქსელებს (გარდა Facebook-სა). კითხვაზე რესპონდენტებს სამი შესაძლო პასუხის გაცემა შეეძლოთ.
18% ამბობს, რომ უყურებს გადაცემებს, ხოლო 16% კი ამბობს, რომ ინტერნეტს Skype ზარებისთვის ან სხვა ტიპის ზარებისთვის იყენებს. 3% ამბობს, რომ ინტერნეტს უმეტესად ონლაინ აზარტული თამაშებისთვის იყენებს, 3% კი საყიდლებისთვის.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (ND) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოკითხა 2 180 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.
gbc.ge