მოსამართლემ ვიკილიქსის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის გამოშვებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ Independent-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასანჟის ადვოკატების მიერ შეტანილ სარჩელში ნათქვამი იყო, რომ ის ციხეში კორონავირუსისგან დაუცველია, თუმცა სასამართლომ მათი არგუმენტები არ გაიზიარა.
ასანჟი ციხეში აშშ-ში ექსტრადაციის მოლოდინშია, მას ბრალი ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ Wikileaks-ის 2010 წლის გამოცემებთან დაკავშირებით წაუყენეს.
ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში მიმდინარე წლის 11 აპრილს, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე, მას შემდეგ დააკავეს, რაც ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა. Wikileaks-ის დამფუძნებელს 50-კვირიანი პატიმრობა მიესაჯა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო WikiLeaks-ის დამფუძნებელს ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, აშშ-ის ჯარის სადაზვერვო ანალიტიკოსთან ბრედლი (ჩელსი) მენინგთან ერთად „კომპიუტერული შეღწევის განხორციელების მიზნით“ შეთქმულებასა და „აშშ-ის მთავრობის დაცულ კომპიუტერში პაროლების სისტემის გატეხვაზე“ თანხმობის გაცემაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ასანჟს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Imedinews.ge