საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ იურიდიულ პირთა რაოდენობამ, 2021 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, 304 ათასს შეადგენდა, საიდანაც მოქმედი მხოლოდ 71 ათასი იყო - 23.5%, ინდმეწარმეების ჩათვლით კი, 785 ათასი პირიდან 22.6% - 178 ათასი მოქმედებდა. ბოლო 6 თვეში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტთა რაოდენობა 23 ათასით გაიზარდა, თუმცა მოქმედ საწარმოთა რიცხვი 10 ათასზე მეტით შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია ნათქვამი.
უწყების ინფორმაციით, მოქმედი კომერციული იურიდიული პირებიდან 98.3% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებადაა რეგისტრირებული. 2021 წლის 1-ლი იანვრისთვის 282 182 რეგისტრირებული რეგისტრირებული შპს-დან 76 108 მოქმედებდა, 1-ლი ივლისის მდგომარეობით კი 292 850 რეგისტრირებული შპს–დან მხოლოდ 70 144. რეალურად მოქმედ შპს-თა რაოდენობა 6 თვეში 7.8%-ით შემცირდა.
მოქმედ სააქციო საზოგადოების რაოდენობა ბოლო 6 თვეში უმნიშვნელოდ 881-დან 878-მდე შემცირდა, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების - 184-დან 167-მდე, კომანდიტური საზოგადოების 18-დან 15-მდე, კოოპერატივის 197-დან 163-მდე, ინდმეწარმეთა რაოდენობა - 110 060-დან 106 316-მდე.
მიუხედავად იმისა, რომ 6 თვეში მოქმედ ბიზნეს სუბიექტთა რაოდენობა 10 000-ით შემცირდა, ეკონომიკა ოფიციალურად 12.7%-ით გაიზარდა.
მოქმედ ბიზნეს სუბიექტთა 99.3%-ის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას შპს ან ინდმეწარმე წარმოადგენს. რაც რეგისტრაციისა და შემდგომ უკვე საქმიანობის მარტივი ფორმით აიხსნება.
საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება ერთ დღეშიც შესაძლებელია, მაგრამ მისი გაუქმება საკმაოდ რთულია და ხანგრძლივ პროცედურებს საჭიროებს, რის გამოც ისინი უბრალოდ უმოქმედოთა რიგებში გადადიან.