ახალმა გამოწვევებმა მსოფლიო და შრომითი ბაზარი ახალი რეალობის წინაშე დააყენა, რაც თავის მხრივ ახალი შესაძლებლობების ჰორიზონტს აჩენს. ამ მიმართულებით სწორი ორიენტირის აღებისა და დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, „საქართველოს ბანკმა“, საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია „ინსორსთან“ თანამშრომლობით მომავლის პროფესიების გამოსარკვევად, ახალი პროექტი დაიწყო.
ცვალებად პერიოდში მომხმარებელთა ქცევასთან ერთად ინდუსტრიებიც განიცდიან ტრანსფორმაციას. თუკი ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ პროფესიების ნაწილი ქრება, სანაცვლოდ უფრო შემოქმედებითი და ინოვაციური საქმიანობები იჩენს თავს — სწორედ ისე, როგორც UX და UI დიზაინერია. რედბერის UI/UX დირექტორი, ანე ერქომაიშვილი დეტალურად გვესაუბრება თავის პროფესიაზე და იმ უნარებს გვიზიარებს, რომლებიც საჭიროა კარგი UX/UI დიზაინერისთვის.
„რა არის UX და UI დიზაინი? ეს ისეთი ციფრული პროდუქტებისთვის შექმნილი დიზაინია, როგორებიცაა ვებგვერდები და აპლიკაციები. მაგალითად, ტაქსის, საყვარელი საკვები ობიექტის ან, თუნდაც, ონლაინ მაღაზიის აპლიკაციები... მსგავსი ტიპის პროდუქტებთან შეხება ყოველდღიურად უამრავ ადამიანს აქვს.
UX-ზე, იგივე User Exprience-ზე მუშაობისას დიზაინერი ფიქრობს იმ გამოცდილებაზე, რომელსაც მომხმარებელი ვებგვერდებისა და აპლიკაციების გამოყენებისას იღებს. UX დიზაინერის საქმეა, შექმნას ისეთი სტრუქტურა და ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებლისთვის მარტივად გამოყენებადი იქნება.
რაც შეეხება UI-ს, იგივე User Interface-ს, ეს გულისხმობს ისეთ გრაფიკულ ელემენტებს, როგორებიცაა: ღილაკები, ტექსტები, სურათები და სხვ. ამ ყველაფერთან კი მომხმარებელს პირდაპირი შეხება აქვს.
საბოლოოდ, UX და UI დიზაინი ორი განსხვავებულ დისციპლინაა, თუმცა შეიძლება მათ ერთი ადამიანი ფლობდეს და სწორედ ამ შემთხვევაში გხვდება პროფესია, რასაც UX / UI დიზიანერი ჰქვია“, - ამბობს ანე ერქომაიშვილი.
ტექნოლოგიურმა ეპოქამ სამყარო დიდი ხანია, გაციფრულების გზაზე დააყენა, პანდემიამ კი ეს პროცესი მეტად დააჩქარა. თითქმის ყველა ინდუსტრია მოერგო ახალ რეალობას და ანე ერქომაიშვილი თვლის, რომ UX / UI დიზაინერის პროფესია დღეს მთელ მსოფლიოსა და საქართველოშიც კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა.
„იმისათვის, რომ იყო UX / UI დიზაინერი:
- უნდა გაინტერესებდეს ონლაინ სივრცე, ციფრული სამყარო
- გქონდეს როგორც საინტერესო ვიზუალური ხედვა, ასევე ემპათიისა და ადამიანებზე დაკვირვების უნარები
- და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიებს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობად განიხილავდე.
თუ გინდა ეს სფერო აქციო შენი შემოსავლის წყაროდ, შემიძლია რამდენიმე კონკრეტული რჩევაც მოგცეთ:
- udemy-სა და skillshare-ის კურსების დაგეხმარება წარმოდგენა შეიქმნა ამ პროფესიაზე.
- გაეცანი medium-ზე უკვე არსებული პროდუქტების მრავალფეროვან მაგალითებს.
- დაათალიერე ინტერფეისი dribbble-ზე, behance-სა თუ awwwards- ზე და თვალი ადევნე სიახლეებს ტექნოლოგიურ სფეროში.
- figma, xd და sketch-ი არის პროგრამები რომლებიც ინტერფეისებისა და პროტოტიპების შექმნაში დაგეხმარება.
UX / UI დიზაინის სწავლით და მასზე მუშაობით ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესება შეგიძლია“, - განმარტა ანე ერქომაიშვილმა.
ახალი პროექტი ორიენტირებულია იმაზე, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, თუ რა გამოწვევების წინაშეა დასაქმების ბაზარი, მისცეს მათ თვითრწმენა, დაეხმაროს უნარების განვითარებაში.
პროექტი აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას, დაფიქრდნენ ახალ პროფესიებზე და საკუთარ თავში განავითარონ ის უნარები, რომელიც დაეხმარება მომავლის პროფესიების დაუფლებაში. თავის მხრივ, მომავლის პროფესიები ის პროფესიებია, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად აქტუალური იყო შრომით ბაზარზე და არ დაკარგო მოტივაცია. ამ პროექტის დანიშნულებაა იმ ხალხის მოტივირება, ვისმა საქმიანობამაც შესაძლოა დაკარგა აქტუალობა და სჭირდება ბიძგი, რომ ახალ პროფესიას დაეუფლოს. პროექტი ასევე ეხმარება ახალგაზრდებს, სწორი არჩევანის გაკეთებაში და იმის განსაზღვრაში თუ რომელი პროფესიებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი.
პროექტი ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და ტრენდების შესახებ გამოცდილი სპეციალისტების მიერ რელევანტურ საკითხებზე ე.წ. თოქებისა და ბლოგების მომზადებასაც გულისხმობს. ეს ყველაფერი კი ადამიანებს ახალ რეალობასთან სწრაფ ადაპტირებასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება.
(R)