მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით დაახლოებით 15:00 საათზე დაეშვა.
მოლდოვას პრეზიდენტს აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდა.
მაია სანდუ ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება. საერთაშორისო კონფერენციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები ესწრებიან.
ამასთან, მოლდოვას პრეზიდენტი საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.