საერთაშორისო მოგზაურებისთვის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის მიუხედავად, Ryanair-ი ბრიტანეთში ფრენებს არ შეაჩერებს, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი, მაიქლ ო’ლირი. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ფრენებს არ შევაჩერებთ. Ryanair-ი 1-ლი ივლისიდან ყოველდღიურად ათასობით ფრენას შეასრულებს პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის მიმართულებით“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.
ახალი რეგულაცია ბრიტანეთში დღეიდან შევიდა ძალაში. ყველა ადამიანი, რომელიც ქვეყანაში ჩავა, ვალდებულია, 14-დღიანი თვითიზოლაცია გაიაროს. როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო და საზღვაო გზით ჩასული მგზავრები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები, ვალდებული იქნებიან წარადგინონ მისამართი, სადაც ისინი თვითიზოლაციას გაივლიან. წესების დაუცველობის შემთხვევაში, ისინი 1 000-მდე ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდებიან. რეგულაციების თანახმად, მათთან დაკავშირება ნებისმიერ დროს უნდა იყოს შესაძლებელი. 14 დღის განმავლობაში მათ საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების შესაძენად გასვლაც ეკრძალებათ.
imedinews.ge