გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ რამდენიმე კომპანია, რომლებიც „ვითომ“ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობით ცდილობენ მუშაობის გაგრძელებას დაჯარიმდებიან. მთავრობის მეთაურმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ როდესაც მოქალაქეებს ჯერ კიდევ ბოლომდე გათვიცნობიერებული არ აქვთ რისკის ხარისხი, ამით მანიპულირება და მათი კლუბებსა და რესტორნებში "შეტყუება" მიუღებელია.
"რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც რამდენიმე კომპანიამ სცადა რაღაც შეფერილობებით ვითომ პოლიტიკურ პროცესებში იღებდნენ მონაწილეობას, მუშაობა გაეგრძელებინათ. პირადად გეუბნებით, გპირდებით, ყველა მათგანი იქნება დაჯარიმებული, თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, მეორე შემთხვევა არის სისხლის სამართლის საქმე და ყველგან აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ახლა კომერციულ კომპანიებზე, ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის სახუმარო. ვსაუბრობთ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ზოგ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვთ გათვიცნობიერებული რისკის ხარისხი, ამით მანიპულირება და მათი შემოტყუება იქ რაღაც კლუბებში და ღამის რესტორნებში კატეგორიულად მიუღებელია და ეს არ არის პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა, ეს კონკრეტული კომპანიების პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, კონკრეტულ კომპანიებს მოეთხოვებათ პასუხი მსგავსი ქმედებებისთვის, უმკაცრესი", — განაცხადა გიორგი გახარიამ.