18 მილიონი დოლარის ინვესტიციით, ავლაბრის ძველ უბანში პროექტ „მოედანის“ მშენებლობა 2022 წლის ზაფხულში დასრულდება. მის შესახებ „კომერსანტს“ მრავალფუნქციური კომპლექსის მეპატრონემ ვახტანგ
გურგენიძემ განუცხადა. „მოედანი“ საცხოვრებელ ბინებს, კაფეებს, ბარებს, მაღაზიებს, სამუშაო, დასასვენებელ და საგამოფენო სივრცეებს აერთიანებს და დაახლოებით 1,4 ჰექტარს მოიცავს.
„მოედანი იქნება ახალი ლოკაცია თბილისის უძველეს უბანში, სადაც ნებისმიერ ადამიანს, დღის ნებისმიერ დროს შეეძლება სტუმრობა და შეთავაზებული მომსახურებით სარგებლობა (კაფე, ბარი, რესტორანი, ბუტიკები, ა.შ.), ან უბრალოდ მოედანზე (5200 კვმ) გასეირნება.
„მოედანი“ ეს იქნება არა მარტო ტურისტული, არამედ ადგილობრივებისთვის „გარეთ გასვლის“ მთავარი ადგილი.
შეზრუდვების დროს, მშენებლობის პროცესში შეფერხება არ ყოფილა. გავჩერდით მხოლოდ რამდენიმე დღით, შესაბამისად დაწყება-დასრულების ვადებზე ახალ შეზღუდვებს არ უმოქმედია,
დედაქალაქის მთავარი გასართობი ადგილი 2022 წლის ზაფხულში მზად იქნება,“ - ამბობს ვახტანგ გურგენიძე.
„მოედნის“ კომპლექსი 5 შენობისგან შედგება. მათგან 4 საცხოვრებელი ბლოკი იქნება, რომელთა პირველ სართულებს კომერციული ობიექტები დაიკავებს, ხოლო მე-5 შენობაში 100-ნომრიანი სასტუმრო შენდება. კომპლექსი ახლოსაა ძველი თბილისის ბევრ ისტორიულ ღირსშესანიშნაობასთან. ვახტანგ გურგენიძის თქმით, ტურისტები, რომლებიც დედაქალაქის ძველ ნაწილს მოინახულებენ, დასასვენებლად და განსატვირთად, სწორედ „მოედანზე“ მოიყრიან თავს.
მარიამ მორგოშია