Moderna-ს მთავარი სამედიცინო ოფიცერი, პოლ ბარტონი აცხადებს, რომ კორონავირუსის ომიკრონის შტამის მიმართ ამჟამინდელი ვაქცინები, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს. მისი თქმით, თუ ეს ასეა, ხელახლა ფორმულირებული ვაქცინა მომავალი წლის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. კომპანია ამჟამად არსებული ვაქცინის ეფექტიანობას ამოწმებს ახალი ვარიანტის წინააღმდეგ.
”არსებული ვაქცინის დაცვის შესაძლებლობის შესახებ მომდევნო რამდენიმე კვირაში გვეცოდინება. თუ ახალი ვაქცინის შექმნა მოგვიწევს, ვფიქრობ, ის 2022 წლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა ბარტონმა კვირას BBC-ის ეთერში.
აღსანიშნავია, რომ არსებული ვაქცინების დაცვა ჯერ კიდევ უნდა არსებობდეს, იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ხნის წინ აიცრა ადამიანი. ბარტონის თქმით, ახლა საუკეთესო რჩევა Covid-19-ის არსებული ვაქცინების მიღებაა.
წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"