კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჟამად არსებული ვაქცინები ისეთივე ეფექტური იქნება კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ, როგორც „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ იყო.
Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ სპაიკ-ცილებში მუტაციების დიდი რაოდენობა და სამხრეთ აფრიკაში ახალი ვარიანტის სწრაფი გავრცელება იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ მომავალ წელს ამჟამად არსებული ვაქცინების ცვლილება გახდება საჭირო.
„ვფიქრობ, ეფექტურობა იგივე დონეზე არ იქნება, როგორც „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში. ვფიქრობ, არსებითი ვარდნა გვექნება. უბრალოდ არ ვიცი რა დონის ვარდნა იქნება, რადგან მონაცემებს უნდა დაველოდოთ, თუმცა ყველა მეცნიერი, ვისაც ვესაუბრე, ამბობს, რომ ეს კარგი არ იქნება“, - აღნიშნა სტეფან ბანსელმა გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში.
BioNTech-მა, Moderna-მ და Johnson & Johnson-მა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებულ ვაქცინებზე მუშაობა დაიწყეს იმ შემთხვევისთვის, თუ არსებული ვაქცინები ახალი კორონავირუსის ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური არ იქნება.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.
imedinews.ge