„ტურიზმის სექტორი განვითარებადია, ამიტომ მნიშვნელოვანია გავაუმჯობესოთ მომსახურების სფეროც და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა.“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მაიკლ ქაუგილი „კომერსანტთან“ საქართველოში ყველაზე მიმზიდველ და სწრაფად განვითარებად სექტორებზე საუბრობს.
ქაუგილი მიიჩნევს, რომ ტურიზმის სექტორი დივერსიფიცირებას საჭიროებს, ხოლო მომსახურების სფერო - დახვეწას, რის შედეგადაც ეს იქნება სფერო, რომელიც დიდი უცხოური ვალუტის მოზიდვას შეძლებს. ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით ქვეყანა ინვესტიციებისთვის საინტერესოა.
„საქართველოში სექტორი, სადაც ინვესტიციების განხორციელების და განვითარების ყველაზე მეტი და მზარდი შესაძლებლობაა არის ტურიზმი, რომელიც მუდმივად იზრდება. თუმცა, რუსეთთან დაკავშირებით ივნისში მომხდარი ფაქტისგან ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესში ვართ. მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ტურიზმის ბაზრის დივერსიფიცირება, არ შეიძლება ერთ ბაზარს ვეყრდნობოდეთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და მიმზიდველი საინტერესო სფერო საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიებია. IT მზარდი ინდუსტრიაა, კომპანიები საკმაოდ შთამბეჭდავად მუშაობენ, რაც საინტერესო საინვესტიციო გარემოს ქმნის ამ სფეროში.“ - ამბობს მაიკლ ქაუგილი.
აშშ-ს სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია, ბიზნესომბუდსმენისა და მთავრობის უფრო კოორდინირებული მუშაობა კი უფრო ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს შექმნის.
„არ უარვყოფთ, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება მარტივია, თუ ომბუდსმენი და ხელისუფლება კოორდინირებულად მუშაობენ, ბიუროკრატიული პროცედურებიც მარტივდება. ინვესტორებს უნდა ჰქონდეთ ინტერაქცია ამ ორ ინსტიტუტთან, ეს ეხმარება ბიზნესის შემდგომ განვითრებას.“ - აღნიშნა ქაუგილმა.
მარიამ მორგოშია