რა ხდება კიევში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და უკრაინული „ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი უკვე მესამე დღეა პატიმრობაში იმყოფება.... - ცოტა ხნის წინ, სააკაშვილი პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით, პროცესი სავარაუდოდ, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. უკრაინის პროკურატურა ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით შინაპატიმრობას მოითხოვს. სააკაშვილს ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა და წინასწარი განზრახვით დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ. როგორხ ადვოკატი ამბობს, სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეყილებას გააპროტესტებენ, რადგან მისივე თქმით, საქმე მთლიანად ფაბრიკაციაა.
გუშინ კი, კიევში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო მარშში. მისი მონაწილეები „ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის პატიმრობიდან გათავისუფლებას და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვდენ. მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტის ითხოვენ თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც, რომლებიც 13 დეკემბრიდან შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. „ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გამოვიყენებთ პროტესტის სხვა კანონიერ, ყველაზე რადიკალურ ფორმებსაც. ჩვენი შემდგომი ქმედებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოვლენები უკრაინაში, რა ნაბიჯებს გადადგამენ იქაური და აქაური ოლიგარქიული ხელისუფლებები", - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტის მომხრეები ორშაბათიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გეგმავენ.
სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს თბილისიდან პოლიტოლოგი, აკადემიკოსი ალექსანდრე თვალჭრელიძე ააფასებს, რომელიც ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება გაუგებარ პოლიტიკას ეწევა. „მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მოქალაქეობის ჩამორთმევის, საზღვრის უკანონო გადალახვისა და მთავრობის შემდგომი ქმედებების ჩათვლით, თითიდან გამოწოვილი პრობლემაა და მთლიანად პრეზიდენტ პოროშენკოსა და მისი მთავრობის არასწორი, მაპატიეთ სიხისტისთვის, უგუნური პოლიტიკითაა გაპირობებული. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ალტერნატივა ერთია. ან მთავრობა მოახერხებს წაყენებული ბრალის დამტკიცებას ან კიდევ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ეროვნულ, ბოგდან ხმელნიცკის დონის გმირად აქცევენ", - ამბობს თვალჭრელიძე.