საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ ბათუმიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და ნაცმოძრაობისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს. ექს–პრეზიდენტი ამბობს, რომ სულ მალე თბილისში ჩავა.
“დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“, - წერდა მანამდე სააკაშვილი.
Ipn.ge წერს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურში. შესაბამისად, უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.
სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ჯერჯერობით არ იციან არც „ნაციონალურ მოძრაობაში“.
მანამდე სააკაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს საღამოს უნდა ჩამოფრენილიყო და ამის დამადასტურებლად თვითმფრინავის ბილეთის ასლიც გამოაქვეყნა.