მიხეილ მაჭავარიანი – უნდა გადაიხედოს ის უაზრო პროგრამები, რომლებსაც ეფექტი არ მოაქვთ

მიხეილ მაჭავარიანი – უნდა გადაიხედოს ის უაზრო პროგრამები, რომლებსაც ეფექტი არ მოაქვთ

person access_time2016-10-04 18:30:13

არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება, რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას" ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, გეგმავს თუ არა ცვლილებებს ჯანდაცვის სისტემაში? როგორ აფასებს პარტია ჩინეთთან ვაჭრობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას? როგორ გეგმავს სამუშაო ადგილების გაზრდას და რას პირდება ბიზნესმენებს? - ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „არგუმეტები და ფაქტები" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა ისაუბრა.

 

 

საარჩევნო პერიოდი კიდევ უფრო იძაბება და ყველას აინტერესებს, რა სიახლეები აქვთ პარტიებს საარჩევნო პროგრამებში, რა ეკონომიკურ პერსპექტივებს სთავაზობთ საზოგადოებას და ბიზნესს?

 


რა თქმა უნდა, ბოლო 4 წელმა ჩვენ დაგვანახა, რომ მხოლოდ დაპირებები არ არის საკმარისი და უნდა შეხვედოთ, ვინ რისი გამკეთებელია. ჩვენ დაპირებებით „ოცნებას" ვერ გავეჯიბრებოდით - ეს იყო სუპერ-დაპირებები: „უფასო ფული", „მეოთხე საუკეთესო წელიწადი", ტარიფების შემცირება და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა ეკონომიკურ ჩიხშია, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური გარღვევა, ამისთვის აუცილებელია, შემცირდეს გადასახადები, რათა მეტი ფული დარჩეს ბიზნესს, საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს 10%-მდე, ეს უნდა მოხდეს 15%-12%-10% 2019 წელს. ასევე ჩვენ ვთავაზობთ, რომ მიკრობიზნესი, რომლის ვაჭრობა არის დღეში 240 ლარი, საერთოდ არ დაიბეგროს, ასევე წელიწადში 200 000 ლარის ბრუნვა მხოლოდ 3-5%-ით დაიბეგროს. გაუქმდეს ფინანსური პოლიცია, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ინსტიტუტმა თავისი თავი ამოწურა. ამავდროულად, უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია სისხლის სამართლის კოდექსის ეკონომიკური ნაწილის.

 

როგორ აპირებთ ფინანსური პოლიციის გაუქმებას, ეს სრულად გაუქმდება თუ უბრალოდ იესახეს შეიცვლის?

 


საერთოდ გაუქმდება, რადგან მე გითხარით, რომ დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის ეკონომიკური ნაწილის. თავის დროზე ფინანსური პოლიცია იყო ძალიან ძლიერი ბერკეტი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ბერკეტის გამოყენება არ ხდებოდა ყოველთვის სწორად ჩვენი ხელისუფლების დროს და განსაკუთრებით „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში. თუ მოხდა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, ფინანსურ პოლიციას უბრალოდ, არანაირი საქმე არ ექნება. ეს იქნება ჩვეულებრივი საგადასახადო სამსახურის საქმე. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ფინანსური პოლიცია ხდება ბიზნესის შემაფერხებელი, იყო ეტაპი, როცა ეს სტრუქტურა იყო აუცილებელი, რადგან გადასახადების გადახდა არ უყვარდათ იმ პერიოდში. მე აღარ გაგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყნის სიმდიდრე გასამმაგდა და 14 მილიარდს მიაღწია.

 


გადასახადების გაუქმება როგორ აისახება ბიუჯეტზე? ეს თუ გაქვთ უკვე დათვლილი?

 


ჩვენი გათვლებით ბიუჯეტს დაახლოებით მილიარდი დააკლდება. მაგრამ ჩვენ გათვლილი გვაქს, რომ ის ბიუროკრატიული ხარჯები, რომელსაც ამ ოთხი წლის განმავლობაში ხარჯავს მთავრობა ფუფუნებაზე, არაეფექტურ პროგრამებზე, უნდა შემცირდეს და სწორედ აქ არის რესურსი, რომ ბიზნესს მეტი ფული დარჩეს და მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას.

 

 

სოციალური პრობლემების ფონზე თუ გაქვთ პრეფერენციები, რომელ სფეროებს დააკრედიტებდით ან რომელი სფეროს განვითარებისთვის მოიზიდავთ ინვესტორს? თუ გაქვთ უკვე რაიმე სახის მოლაპარაკებები ინვესტორებთან, რომლებსაც თქვენი მმართველობის პირობებში შემოიყვანთ საქართველოში?

 

 

ბუნებრივია ოპოზიციურ პარტიას ინვესტორებთან მოლაპარაკებები ვერ ექნება. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ე.წ. დაგროვებით საპენსიო სისტემას, იმიტომ, რომ ამისი განხორციელება შეეხება მხოლოდ იმ მამაკაცებს, ვინც 45 წლის ზემოთ არიან და ქალებს 40 წლის ზემოთ. დანარჩენი უნდა დარჩნენ ისევ ძველ სისტემაში. მეორე, საკითხავია, რომელმა არაკომერციულმა ფონდმა უნდა მართოს ეს თანხები, რადგან მოგეხსენებათ ჩილეში, სადაც პირველად შეიქმნა ეს სისტემა, გარკვეული პრობლემები იყო და იძულებული გახდნენ გარკვეული მოდერნიზაცია განეხორციელებინათ. შემდეგ ისმის კითხვა

 

 

პენსიონერები, რომლებიც ახლა იღებენ პენსიას იმათ რა ელის? ეს საპენსიო სისტემა არის დასაქმებული ადამიანებისთვის თუ არ შეიქმნა სამუშაო ადგილები, მერე რა ხდება?


 

 

ძალიან ბევრი კითხვაა ამასთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ ესეც არის წინასაარჩევნო დაპირება, რომელზეც შემდეგ იტყვიან რომ არ დაპირებიან საზოგადოებას. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც სტიქიების შემდეგ ბიზნესი და დაზარალებული საზოგადოება აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს და რამდენჯერმე აღმოვჩნდით დიდი პრობელემების წინაშე.

 

 

 

გეგმავთ თუ არა თქვენ ბიზნესში შემოიღოთ რაიმე ტიპის სავალდებულო დაზღვევა და ზოგადად როგორ უყურებთ სადაზღვეო ბიზნესს, საჭიროებს თუ არა ის განვითარებს?

 

 

მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2003 წლამდე ძალიან სუსტი იყო სადაზღვეო ბაზარი და ჩვენ ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება სწორედ ამ ბაზრით დავიწყეთ. როდესაც ბიუჯეტში იყო 1,2 მლრდ შეუძლებელია განახორციელო ის პროგრამა, რომლითაც ახლა „ქართული ოცნება" ტრაბახობს. ისინი მაგრები იქნებოდნენ, რომ მილიარდიანი ბიუჯეტი დახვედროდათ და მაშინ დაეწყოთ ეს პროგრამა. ჩვენ დაგვხვდა მილიარდიანი ბიუჯეტი, „ოცნებას" ჩავაბარეთ 8 მილიარდიანი ბიუჯეტი. ამ ბიუჯეტიდან თამამად შეიძლება 3 მილიარდზე მეტი დახარჯო ჯანდაცვაზე, თუმცა თუ შენ არ იფიქრე, რომ ეს 8 მილიარდიანი ბიუჯეტი 4 წლის მერე გამხდარიყო 16 მილიარდიანი, მაშინ ეს ყველაფერი ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს. დღეს ხელისუფლებაში უკვე საუბრობენ, რომ უნდა გადაიხედოს ჯანდაცვის პროგრამა. ახლა როგორც ვატყობ, „ოცნება" ცდილობს მიიყვანს ეს სისტემა მხოლოდ არჩევნებამდე, რადგან პარტიაში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ რეალურად არ მოხდა ბიზნესის განვითარება და თუ მეტი ფული არ დარჩა ეკონომიკაში, შეუძლებელია ქვეყანამ ასეთ ტვირთს გაუძლოს.

 

 


დღეს ჯანდაცვა შეიძლება ითქვას რომ ბიზნესია და ბიზნეს პროვაიდერია, თუ გეგმავთ რაიმე რეფორმებს ამ ბიზნესის მიმართულებით და პაციენტის უფლებები რამდენად იქნება გარანტირებული და მიახლოებული ევროპულ სტანდარტებთან?

 

 

 

დღეს ჯანდაცვის სისტემაში, რა თქმა უნდა, არის პრობლემები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას სჭირდება მოდერნიზაცია, უფრო ქმედითი მენეჯმენტი, რადგან ბიუჯეტი ამის გამო ყოველწლიურად ირღვევა და ერთ დღესაც შესაძლოა, გადაუხდელობის პრობლემის წინაშე დავდგეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც უნდა დაემატოს ჯანდაცვას, არის მედიკამენტები, რადგან დაახლეობით 100%-ით არის გაზრდილი წამლების ფასები, რომლებიც არის ე.წ. რეცეპტული წამლები. ჯანდაცვა უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც არ აქვს ფული, მაგრამ ხარისხი და წამლების კომპონენტი უნდა იყოს მნიშვნელოვანი.

 

 

 

გაქვთ სფეროები, სადაც გეგმავთ ან გინდათ, რომ შექმნათ სამუშაო ადგილები?

 

 

ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ საქართველო იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული რგოლი და ამაზე ძალიან ბევრი დაგვცინოდა, მათ შორის ივანიშვილი. პირველ რიგში, ეს სფერო ნამდვილად არის ტურიზმი და მასთან მიბმული ძალიან ბევრი საკითხი. მეორე არის ჰაბი საქართველო, რადგან ჩვენ გვაქვს უნიკალური მდგომარეობა, როგორც პოლიტიკური, ასევე გეოგრაფიული. საქართველო საინტერესოა ჩვენი რეგიონის ჰაბისთვის, თუნდაც გაიხსენეთ მანქანების ექსპორტი. ასეთივე ჰაბი უნდა გაკეთდეს სხვა მიმართულებებითაც, იგივე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, პირველადი მოხმარების პროდუქტი და ა.შ.

 

 

რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ვფიქრობთ, ბიზნესში სამუშაო ადგილების შექმნაზე და არავითარ შემთხვევაში ბიუროკრატიაზე. უნდა გადაიხედოს ის უაზრო პროგრამები, რომლებსაც არ მოაქვთ არანაირი დიდი ეფექტი, მაგალითად, ჩვენ 61 მილიონ ლარს ვიხდით ე.წ. იაფი კრედიტის პროგრამაში და თქვენ უნდა ნახოთ, ვინ არიან ამ პროგრამით მოსარგებლეები. ესენი არიან რამდენიმე ასეული საშუალოზე მეტად შეძლებული ადამიანები, რომლებსაც ამ კრედიტის გარეშეც შეეძლოთ თავიანთი ფირმების განვითრება.

 

ასევე უნდა გკითხოთ აუცილებლად, იცით, რომ ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ ნულოვანი დაბეგვრის ხელშეკრულებას, როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?

 

 


ძალიან იმედიანად, ძალიან კმაყოფილი ვარ, აქაც გავიხსენებ ივანიშვილის სიტყვებს, რომ სააკაშვილი უაზროდ ლაპარაკობდა ჩინეთში ქართული ღვინის შეტანაზე. მადლობა ღმერთს, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მიხვდნენ, რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ბაზარი. მეტსაც გეტყვით, თუ გააგრძელებდა ხელისუფლება ბარაქ ობამას ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს იმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც ძალიან რთულად მისაღწევი იყო და ალბათ, გახსოვთ მიხეილ სააკაშვილმა როგორ შეძლო, რომ ობამას ადმინისტრაციასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაეწყო. ესეც საქართველოსთვის იქნებოდა დამატებით დაახლეობით, 300 მილიონიანი ბაზარი.

 

 


გვითხარით 5 მთავარი, რეალისტური დაპირება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" სთავაზობს ამომრჩეველს.

 

 

 

პირველი - ეს არის ეკონომიკური რეფორმა. ჩვენ გვაქვს გამბედაობა, რომ გავატაროთ რადიკალური რეფორმები, რომლებიც მისცემს სამუშაო ადგილებს ჩვენს მოსახლეობას. ეს არის სუს-ის, ფინასური პოლიციის გაუქმება, მოგების გადასახადის გაუქმება, დეკრიმინალიზაცია. შემდეგი სფერო არის ენერგეტიკა, ჩვენ გვახსოვს უკან გადადგმული ნაბიჯები „ოცნების" მმართველობის პერიოდში - იგივე „გაზპრომი". შემდეგი არის ქვეყნის უსაფრთოხოება - ჩვენი ბუნებრივი ადგილი არის ევროკავშირი და NATO. ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან, აშშ-სთან და სრული მასშტაბით ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გამოყენება. პედაგოგებს ვპირდებით, რომ მინიმალური ხელფასი ექნებათ მინიმუმ 650 ლარი.

 

 

რადიო "კომერსანტი" 



ექსპერტები ლარის კურსის სწრაფ გამყარებას ძირითადად, წინასაახალწლო პერიოდს უკავშირებენ

ექსპერტები ლარის კურსის სწრაფ გამყარებას ძირითადად, წინასაახალწლო პერიოდს უკავშირებენ
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება.  დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე  1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-10 14:10:15
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 14:00 საათისთვის ლარი 2,8800 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9  დეკემბრის  დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2606 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,8600...

საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება

საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება
access_time2019-12-10 15:15:29
„საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება“-ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა  თემურ ჭყონიამ განუცხადა. უცნობია, რა სახის ინვესტიცია ჩაიდება პროექტში და რა ეღირება უშუალოდ ნივთები, თუმცა ცნობილია, რომ 2020-2021 წელს ქართველ მომხმარებელს McDonald’s-ის  ბრენდის ნივთების შეძენა შეეძლება. „რასაც McDonald’s-ის ნერგავს, მას აუცილებლად...

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა
access_time2019-12-10 11:30:00
10 დეკემბრიდან, დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“, ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს. აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ: • ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე. (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს)• საოჯახო ტექნიკა. (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი...

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები
access_time2019-12-10 13:30:53
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული...


მსგავსი სიახლეები

up