მიხეილ ჯიბუტი „ქართულ ოცნებას“ „დროისა და ფულის მფლანგველ ხელისუფლებას“ უწოდებს

მიხეილ ჯიბუტი „ქართულ ოცნებას“ „დროისა და ფულის მფლანგველ ხელისუფლებას“ უწოდებს

person access_time2016-06-13 12:28:13

საქართველო მიეჩვია არაპროგნოზირებად გარემოში ცხოვრებას. გაურკვევლობას, რასაც უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური არასტაბილურობა განსაზღვრავს. ამის შესახებ „ქართულ გაზეთში“ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში ეკონომისტი მიხეილ ჯიბუტი საუბრობს.


სტატიაში ვკითხულობთ:


„მმართველმა პარტიამ, როგორც წესია, არც მიმდინარე მომენტი შეაფასა და არც რაიმე სიცხადე შეიტანა ქვეყნის მომავლის ხედვაში. “ქართული ოცნების“ ყრილობის მნიშვნელობა კიდევ უფრო დააკნინა მმართველი ორგანოს წევრების „ბითუმად“ და ღია კენჭისყრით დამტკიცებამ. ამ აქტმა დაადასტურა, რომ მმართველ პარტიაში საკითხების ფორმალურთან შედარებით, არაფორმალური გადაწყვეტას ენიჭება უპირატესობა.

 

ამიტომაც, ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა აჟიოტაჟური მოლოდინი ბიძინა ივანიშვილის წერილის მიმართ, რომლის გამოქვეყნება ავტორის მიერ ყრილობის შემდეგ იქნა დაანონსებული.

 

ბიძინა ივანიშვილმა დაპირებული წერილი დაპირებულ დროზე გვიან, მაგრამ, მაინც - 2016 წლის 30 მაისს - გამოაქვეყნა. უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილს მადლობა, რომ თავისი ბრწყინვალე აზრები ქაღალდზე გადაიტანა და გვაქვს საშუალება, ვიცოდეთ, რას ფიქრობს ამ ეტაპზე - საქართველოში ხელისუფლებაზე მეტი ძალაუფლების მქონე პიროვნება!

 

თავიდანვე თვალშისაცემია წერილის არასისტემურობა და მიზნის ბუნდოვანება.

 

ავტორი ერთ ადგილზე ამბობს - „მოკლედ შევაჯამებ და შევაფასებ გასულ ოთხწელიწადნახევარს - რა გზა გამოვიარეთ, სად ვართ და საით მივდივართ“. მეორეგან კი მკითხველს ეუბნება: „მინდა, მოსახლეობას ანგარიში ჩავაბარო, ვინაიდან, 2011 წელს სწორედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე ავიღე პასუხისმგებლობა და, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე არ ვარ, ამ პასუხისმგებლობას დღემდე ვგრძნობ“.


ოთხწელიწადნახევრიან (7 ოქტომბერი, 2011წ. - 16 მაისი, 2016წ.) პერიოდში განვითარებული მოვლენები - 2012 წლის არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრობისა და გადადგომის, „ქართული ოცნების“ კოალიციის ერთიანობისა და მისი დაშლის შემდგომ - ერთიანადაა განხილული. აქედან გამომდინარე, ხშირად გაუგებარია ობიექტი, როდესაც საუბარია იმაზე, თუ ვინ რა გზა გამოიარა, ვინ სად არის და ვინ საით მიდის. ეს ეხება ავტორს, „ქართულ ოცნებას“, საქართველოს მოსახლეობას, თუ საქართველოს სახელმწიფოს. არც ისაა გარკვეული, თუ რა „პასუხისმგებლობას გრძნობს“ ბიძინა ივანიშვილი ხალხის წინაშე. აქ პასუხისმგებლობა თითქოს ზნეობრივი კუთხითაა მოცემული.

 

სინამდვილეში ივანიშვილისთვის პასუხისმგებლობის საკითხი სხვადასხვანაირად დგას საპარლამენტო არჩევნებამდე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრემიერ-მინისტრად ყოფნისა და გადადგომის შემდეგ. პირველ და მესამე შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა, შეიძლება, ზნეობის სფეროდან იყოს, ხოლო, მეორე შემთხვევაში, საქმე სხვაგვარადაა. მაშინ, როცა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მისი პასუხისმგებლობა კანონმდებლობით იყო განსაზღვრული. ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა პარლამენტში, საპრეზიდენტო და თვითმმართველობის ინსტიტუტების პასუხისმგებლობა განსაზღვრულია კანონმდებლობით. ამიტომ, უნდა განვასხვაოთ პასუხისმგებლობის ორი ტიპი:

 

პირველი ტიპი - ესაა, ივანიშვილის პასუხისმგებლობა, როგორც მისი პირადი წარმოდგენა ამ მორალური საზომის შესახებ როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ისე პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ. ესაა მისი ურთიერთობა ქართულ საზოგადოებასთან და ამ ურთიერთობის შედეგად მოპოვებული ავტორიტეტი. ამ პერიოდისთვის ე.წ. დაპირება და მისი შესრულება წარმოადგენს ერთი პირისა და საზოგადოების ურთიერთობის საკითხს.

 

მეორე ტიპი - ესაა, ივანიშვილის, როგორც პრემიერ-მინისტრის (25 ოქტომბერი 2012 წ. - 20 ნოემბერი 2013 წ.) პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობების შესრულების თვალსაზრისით. აქ მისი საქმიანობის შეფასება ხდება არა „რა დამპირდი - რა შეასრულეს“ უღლის მიხედვით, არამედ, იმით , თუ რა ევალებოდა კანონმდებლობით როგორც მთავრობისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელს და როგორ შეასრულა ის!

 

უმთავრეს საზოგადო ინტერესს სწორედ ამ პერიოდის საქმიანობაზე ანგარიში წარმოადგენს, რაც, სამწუხაროდ, გამოკვეთილად წერილში მოცემული არ არის. ივანიშვილი-მოქალაქის, ივანიშვილი-პარტიის ლიდერის წინასაარჩევნო დაპირებები, მათი „შესრულება-არშესრულების“ კომპლექსი „ნაცების“ პროპაგანდამ შეუქმნა „ქართულ ოცნებას“. სინამდვილეში, წინასაარჩევნო დაპირების შესრულების ერთი ეტაპი მთავრდება იქ, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს დაპირება მოხვდება მთავრობის პროგრამაში და მიიღებს ნორმატიულ სახეს!

 

„ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები შევიდა 2012 წლის 19 ნოემბრის სამთავრობო პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“, რომლის საფუძველზეც პარლამენტმა დაამტკიცა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად. ნამდვილი ანგარიში იქნებოდა ამ პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიში, რომლისთვისაც ივანიშვილის მთავრობას ქართველი ხალხი ფულს უხდიდა.

 

ამ პროგრამის მიხედვით, ივანიშვილის მთავრობამ ასობით ვალდებულება აიღო, რომლებიც დღემდე არ შესრულებულა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დავასახელებ ზოგიერთ შეუსრულებელ ვალდებულებას. ესაა ივანიშვილის მთავრობის აღებული ვალდებულება, რომ ის - „მნიშვნელოვნად შეცვლის საკანონმდებლო ბაზას“. შედეგი - მმართველობის საკანონმდებლო სისტემა პრინციპულად არ შეცვლილა!

 

ის - „განსაზღვრავს ქვეყნის უახლოესი, საშუალო - და გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკას“. დღემდე უმოქმედო დოკუმენტად დევს „ქართული ოცნებნის“ სტრატეგია „საქართველო 2020“. წერილში მის შესახებ ხსენებაც არაა!

 

ახლა გავიხსენოთ და ვიხილოთ საქართველოს მთავრობის დადგენილება №400 2014 წლის 17 ივნისი - „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“.

 

აი, ყურადღება მისაქცევი თეზისები. ესაა შეპირებები, რომლებიც არ შესრულდა:

 

- „მთავრობა დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს“ - რეალურად, დაძლევის პერსპექტივა შორეულია!

 


- „ყოველ თვითმმართველ ერთეულში გაიხსნება მომსახურების ცენტრი, რომელსაც ექნება მოქალაქისთვის საჯარო მომსახურების გაწევის ფუნქციები“ - არ არის შესრულებული!

 

- „პირველ ეტაპზე განისაზღვრება ყოველი დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის) იურიდიული სტატუსი“ - სოფლის ცნება საერთოდ გაქრა კანონმდებლობიდან. სამართლებრივად სოფელი საქართველოში არ არსებობს!

 

- „თვითმმართველ თემებში შემავალ სოფლებს ეყოლებათ არა დანიშნული, არამედ მათ მიერ არჩეული მამასახლისი“ - არ განხორციელებულა!

 

- „საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრ ბაზაში გამოქვითვების სისტემის დანერგვა“ - არ მომხდარა!

 

- „შემცირდება მოსახლეობის მასობრივი გასვლა საზღვარგარეთ“ - არ განხორციელებულა!

 

- „უმოკლეს ვადებში განხორციელდება ტარიფების ხელახალი და სამართლიანი გადაანგარიშება, ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით“ - განხორციელდა რევერსულად!

 

- „ჩამოყალიბდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა“ - არ ჩამოყალიბებულა!

 

- „საარსებო მინიმუმს გაუტოლდება სახელმწიფო შრომითი (ასაკით) პენსია“ - არ შესრულდა!

 

- „დარეგულირდება მიწათსარგებლობის საკითხები“ - ყველა ძირითადი საკითხი მოუწესრიგებელია. არ არსებობს „მიწის კოდექსი“!

 

- „შეიქმნება საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი“ - არ შექმნილა!

 

- „ყოველწლიურად დაადგენს საშემოსავლო გადასახადის დაუბეგრავ მინიმუმს, რომელიც არ იქნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები“ - შეიქმნა არაკომპეტენტური სქემა ამ მიმართულებით, რომელმაც ორი წელი იმუშავა და შემდეგ დაიხურა. ბიუჯეტიდან უშედეგოდ დაიხარჯა 600 მილიონ ლარამდე!

 

- „ხელი შეეწყობა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდას და უზრუნველყოფილი იქნება დოლარიზაციის მასშტაბების შემცირება“ - მოხდა ლარის კატასტროფული გაუფასურება და დოლარიზაციის ზრდა!

 

- „შემუშავდება და ამოქმედდება კანონი სახელმწიფო ენის შესახებ“ - კანონი მხოლოდ 2015 წელს იქნა მიღებული, თუმცა მთავრობა ჯიუტად არ ასრულებს მას! ვიმეორებ, ასეთი მრავალი ათეული ვალდებულებაა შეუსრულებელი. ამას თუ დავუმატებთ კანონით გათვალისწინებული საკითხების შეუსრულებლობას, ეს ნათლად წარმოაჩენს ივანიშვილის მთავრობის დაბალ ეფექტურობას და ხარისხს.

 

ამასთან, ამავე წერილით კარგად გამოჩნდა, რატომ არ უნდა ვენდოთ მას და „ქართულ ოცნებას“.

 

ივანიშვილს არ უნდა ვენდოთ რეალობის არაადექვატური ახსნის გამო. წერილის მიხედვით, ფაქტია, რომ ის ვერ ხედავს ვერც ერთ შეცდომას, ვერც ერთ ნაკლს მისი და „ოცნების“ ხელისუფლების საქმიანობაში. ეს, ჩემი აზრით, ქართველი ხალხის გონებრივი შესაძლებლობებისთვის გამოწვევაა. ამასთან, ის ცდილობს წარმატების ილუსტრაციას ფუტუროლოგიითა და საეჭვო მონაცემებით.

 

მაგალითად, როდესაც ივანიშვილი ამბობს, რომ „სავალუტო ფონდის მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი პირველად გადააჭარბებს 10 000-ს საერთაშორისო დოლარს (მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით), რაც 25%-ით აღემატება 2012 წლის დონეს“, იქვე არ უმატებს, რომ ეს მაჩვენებელი „ოცნებისთვის“ იმ ისტორიასთანაა კავშირში, თუ როგორ „დაკარგა“ „ოცნებამ“ მოსახლეობა. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა 761 ათასით (16,9%). მოსახლეობის შემცირება მშპ-ს უცვლელობის პიარობებშიც იწვევს მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ს სიდიდის ზრდას.

 

ყველა მაჩვენებელი, სადაც შემასმენელი მოსახლეობის რაოდენობაა - მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების გამო - გაიზრდება, ხოლო, სადაც მრიცხველშია მოსახლეობის რაოდენობა, მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების გამო - შემცირდება. აქ ივანიშვილის მიერ გამოტოვებულია ისეთი საკითხების დაზუსტება, რაც გადამწყვეტია სწორი ანალიზის ჩასატარებლად. კერძოდ - რამდენით გაიზარდა მოსახლეობის ერთ სულზე სახელმწიფო ვალის წილი? რამდენით შემცირდა სამუშაო ძალის პოტენციალი? და ა.შ. ხოლო, თუ მომავალზე ვისაუბრებთ, რატომ გამოტოვა ივანიშვილმა „საქართველო 2020“ სტრატეგიის დოკუმენტი, რატომ არ იმსჯელა შესასრულებლად დადგენილი ინდიკატორების შესახებ?


ზოგადად, პოლიტიკის წესია, რომ წარსული საქმეებისთვის მადლობას გეუბნებიან, ხოლო მიმდინარე მომენტში სულ უნდა ამტკიცო, რომ კონკურენტუნარიანი და სანდო ხარ!


მე პირადად, ბიძინა ივანიშვილს, გამომდინარე მისი საქმიანობიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე, სახელმწიფოს მართვის ვერც ერთ სერიოზულ პულტს ვერ ვანდობდი!

 

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საქმიანობას ბიძინა ივანიშვილის ფორმალური მონაწილეობის გარეშე, ეს არის ქვეყნისთვის უძრაობის პერიოდი.


აქ ვერ დავაცალკევებთ კოალიციის წევრებს და ცალ-ცალკე ვერ წარმოვადგენთ მათ დამსახურებას. ერთიანად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სახალხო სახელია „უნიათო ხელისუფლება“.

 

ესაა მფლანგველი ხელისუფლება, რომელმაც გაფლანგა მისთვის მიცემული დრო და ფული - ხელფასები და პრემიები, Chek In Georgia-ს მილიონები, პარლამენტისა და პრეზიდენტის ორ-ორი შენობის შენახვა, სახელმწიფო უწყებების ნაქირავებ შენობებში განთავსება, ბიუჯეტის სხვა ხარჯები და ა.შ.

 

ესაა ხელისუფლება, რომელმაც მოკლა საყდრისი!

 

ესაა ხელისუფლება, რომელმაც გაანადგურა ფასიანი ქაღალდების ბაზარი!

 

ესაა ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს ინსტინქტებით და არა პროგრამით. არ იცის, სად იყოს საბანკო ზედამხედველობა, როგორ მოეწყოს ბუღალტერია...

 

ესაა ხელისუფლება, რომელმაც იმ ტერიტორიებზეც კი, რომელსაც აკონტროლებს, ვერ მოაგვარა მეზობლებთან საზღვრის საკითხები!..

 

ესაა ხელისუფლება, რომელმაც ვერ გადაწყვიტა ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა მიწის საკითხი, სოფლის სტატუსი, რეგიონული განვითარება!

 

ესაა ხელისუფლება, რომელმაც ქვეყნის შიგნით გაანაწყენა სხვადასხვანაირად, მაგრამ ყველა - „გაზპრომთან“ ჩურჩულით!

 

ესაა ხელისუფლება, რომელმაც სცადა ქვეყნის ფედერალიზაცია!..

 

ესაა ხელისუფლება, რომელიც ამკვიდრებს „სამხრეთ ოსეთის“ ცნებას!..

აღარ გავაგრძელებ.

 

თუმცა, ერთს ვიტყვი:

ესაა ხელისუფლება, რომელმაც ვერ დაადგინა საარჩევნო სია!

დღეს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნება თითქმის გაუტოლდა ამომრჩეველთა რიცხვს, ხოლო, ზოგიერთ დასახლებაში გადააჭარბა კიდეც მას!!!

„ქართული ოცნება“ რომ არ გამოდგება ქვეყნის მმართველად, ფაქტია!!!“

 



საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
access_time2021-02-25 00:28:10
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის...

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?
access_time2021-02-24 20:00:11
უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დღეს სიცილისთვის აღარ სცალია - ყოფილი მსახიობი-კომიკოსი დღეს მკაცრი მზერით კამერაში იყურება და 3 უკრაინული ტელეარხისთვის  მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ აცხადებს.     ის ყოველგვარ ბრალდებებს ცენზურის დამყარებაში კატეგორიულად უარყოფს - მისი თქმით, საუბარია არა პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებაზე.     ეს 3 ტელეკომპანია - ZIK, NewsOne...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-24 21:00:30
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა - რა იხსნება მარტიდან? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა...

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება
access_time2021-02-24 19:00:17
სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.    ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.    ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.   „ჩვენ ამ ტიპის...

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს
access_time2021-02-24 17:38:28
საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიაღწევს, - ასეთია PMC კვლევითმა ცენტრის გამოკითხვის შედეგები.   გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით (53.3%) ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება 2023 წელს, 26.7%-ის აზრით 2024 წელს.   რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 60% ვარაუდობს, რომ 2021 წელს მიღებული...


მსგავსი სიახლეები

up