„მიუხედავად წინა კვირაში ლარის დოლართან გამყარებისა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ საპირისპირო მიმართულებით კორექციას, თუმცა, ჩვენი აზრით, არაუმეტეს რამდენიმე პროცენტისა“, — ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ განახლებაში მთავარი ეკონომისტისგან.
„ლარის მხრივ, დასკვნები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. საკუთრივ, წმინდა შემოდინებების შეფასებული მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამასთან, უცხოური ვალუტიდან ლარში კონვერტაციის ნიშნები ნოემბრის განახლებული დღიური მონაცემებიდან კვლავ შეიმჩნევა. ასევე, ოქტომბრის ექსპორტის, იმპორტისა და მწარმოებელთა ფასების ინდექსები საყურადღებოდ გაიზარდა, რაც ჩვენს მოლოდინებთან შედარებით სამომხმარებლო ფასების უფრო მაღალ ზრდაზე შეიძლება მიუთითებდეს. ეს კი, მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურების აპეტიტს კიდევ უფრო ამცირებს.
ამასთან, იმავე ლოგიკით, ამერიკაში მოსალოდნელზე უფრო მაღალმა ინფლაციამ დოლარის გამყარება გამოიწვია. დამატებით თურქულმა ლირამ გაუფასურების ახალი ანტირეკორდი დაამყარა. ჩვენ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ლარი არ არის აუცილებელი გაყვეს ლირას, თუმცა ლარის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან გაცვლითი კურსის მხრივ, წინა შეფასება იმდენად ძლიერი აღარ არის. შესაბამისად, მიუხედავად წინა კვირაში ლარის დოლართან გამყარებისა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ საპირისპირო მიმართულებით კორექციას, თუმცა, ჩვენი აზრით, არაუმეტეს რამდენიმე პროცენტისა. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა საერთაშორისო მასშტაბითა და საქართველოში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებლები“, — აღნიშნულია მიმოხილვაში.
ყოველკვირეულ განახლებაში ასევე საუბარია ოქტომბრის სავალუტო შემოდინებებზე. მთავარი ეკონომისტის დასკვნით, შემოდინებები ძლიერი იყო, რაც მაღალ ზრდაზე მიუთითებს. ამასთან, იმპორტი და დაკრედიტება უფრო ზომიერი აღმოჩნდა.
„მართალია, იმპორტის დინამიკაზე რე-ექსპორტისათვის განკუთვნილი მანქანების იმპორტმა მოახდინა ძირითადი ზეგავლენა, თუმცა როგორც ჩანს, მარაგების შევსების ტემპმაც შედარებით იკლო. დასაქმების მხრივ, მე-3 კვარტლის უმუშევრობის მაჩვენებელის მატება სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა, რადგანაც სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა. ამასთან, დასაქმების აღრიცხვასთან დაკავშირებით მეთოდოლოგიურ მიდგომებსაც1 ზეგავლენა უნდა ჰქონოდა. მთლიანობაში, განახლებული მაჩვენებლები 2021 წელს კვლავ 10%-ზე უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე მიუთითებს“, — ნათქვამია მიმოხილვაში.