2021 წლის 4 თვეში საქართველოს საბანკო სისტემამ 584 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ იანვარ-აპრილში საბანკო სისტემის მომგებიანობა გაუმჯობესდა. ყველაზე მაღალი წმინდა მოგება კი აპრილში დაფიქსირდა.
მოგების მაჩვენებელი თვეების მიხედვით ასე გამოიყურება:
იანვარი - 113.4 მილიონი ლარი;
თებერვალი - 132 მილიონი ლარი;
მარტი - 166.3 მილიონი ლარი;
აპრილი - 173 მილიონი ლარი.
2021 წლის ოთხ თვეში ბანკებმა შემოსავლის სახით 1.82 მილიარდი ლარი მიიღეს, აქედან საპროცენტო შემოსავალი 1.47 მილიარდი ლარი იყო. უფრო კონკრეტულად კი მოქალაქეებმა თავიანთ სესხებზე იანვარ-აპრილში 763 მილიონი ლარის პროცენტი გადაიხადეს, იურიდიული პირების მიერ გადახდილი პროცენტი კი 531 მილიონი ლარი იყო.
საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან ბანკებმა 355 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
რაც შეეხება მათ ხარჯებს - ყველაზე დიდი ხარჯი მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო, რომლის მოცულობამაც 421 მილიონი ლარი შეადგინა. ბანკებმა თანამშრომლებზე ხელფასების სახით 241 მილიონი ლარი გასცეს. მთლიანობაში საბანკო სისტემამ 640 მილიონი ლარის მოგება დააგენერირა, რაზეც 55.7 მილიონის მოგების გადასახადი გადაიხადა.
ქართულ ბანკებში 36.35 მილიარდის მოცულობის დეპოზიტები არის განთავსებული. ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა კი 39 მილიარდი ლარია.