მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამურმა აქტივებმა 2021 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 1.573 მლრდ ლარი შეადგინა, რაც იმავე პერიოდის საბანკო აქტივების 2.8%-ს უთანაბრდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ავრცელებს.
სებ–ის მონაცემებით, აქტივების – 78%-ს 1.227 მლრდ-ს გაცემული სესხები შეადგენს. რასაც 27 მლნ მისაღები პროცენტიც ემატება. ნაღდი ფულის მოცულობა მხოლოდ 82 მლნ-ა, საბანკო ანგარიშებზე კი მისოებს ჯამში 114 მლნ ლარი აქვთ განთავსებული. ძირითადი საშუალებების ღირებულება 47 მლნ-ს შეადგენს, დასაკუთრებული ქონების კი 7.8 მლნ-ს. ბანკების შემთხვევაში დასაკუთრებული ქონება აქტივების ძირითად ჩამონათვალში საერთოდ ვერ მოხვდა.
პასივებში თითქმის 50%-იანი წილი - 763 მლნ ნასესხებ თანხებს უჭირავს. გაუნაწილებელი მოგება კი 376 მლნ-ს შეადგენს.
5 წლის წინ მიკროსაფინანსოები ბანკებს მცირე კონკურენციას მაინც უწევდნენ. 2016 წლის 31 დეკემბრისთვის მისოების ჯამური აქტივები 2 მლრდ–ს შეადგენდა, ხოლო ბანკების – 30.1 მლრდ-ს. მიკროსაფინანსოების აქტივების წილი ბანკების აქტივების 6.65%-ს უდრიდა, გაცემულ სესხებში კი 7.9%-ს. კრედიტის გაცემის გამკაცრებულმა რეგულაციებმა ონლაინგამსესხებლები ბაზრიდან თითქმის სრულად გააძევა, მიკროსაფინანსოებს პრობლემები შეუქმნა, ბანკების ისედაც ძალიან მაღალი წილი კი კიდევ უფრო გაზარდა.
მიკროსაფინანსოების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება, ამჟამად მათი რიცხვი 45-ს შეადგენს, თუმცა მათგან ექვსი: ლაზარე, ბონაკო, კავკასუსკრედიტი, რივალკრედიტი, ჯი ეფ ეს ჯგუფი და მიკროინვესტი ლიკვიდაციის პროცესშია.
ბანკებისგან განსხვავებით მისოებში გამორჩეული დომინანტები არ არიან, ყველაზე დიდი კი „რიკო ექსპრესია“ რომლის წილიც აქტივებში 28.4%-ს შეადგენს (447 მლნ), ხოლო გაცემულ სესხებში მისი წილი 27.5%-ს შეადგენს (338 მლნ). გასულ წლებში ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებმაც აქტივები საკმარისად გაზარდეს, ბანკებად ტრანსფორმირდნენ, მაგალითად კრედო და ფინკა. 2021 წლის ივლისში ყოფილმა მიკროსაფინანსო კრედომ ასევე ყოფილი მიკროსაფინანსოს ფინკას აქციების 100%-იანი წილი შეიძინა.
გიორგი ელიზბარაშვილი