საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრობანკების შესახებ კანონმდებლობის მომზადებაზე მუშაობს. სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით მიკროსესხების ბაზარი უფრო ორგანიზებულ სახეს მიიღებს. გვენეტაძის თქმით, მიკრობანკების სტატუსის მიღების შემდეგ გაიზრდება იმ დეპოზიტარების სახსრების დაცულობა, რომლებმაც მისო-ების მიერ შეთავაზებულ, დეპოზიტების მსგავს ინსტრუმენტებში განახორციელეს თანხების ინვესტირება. ამასთანავე, ამ საფინანსო დაწესებულებებზე დეპოზიტების დაზღვევის სისტემაც გავრცელდება.
„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამსხვილებას გამოიწვევს და მათ მომხმარებელს ბევრ დამატებით პროდუქტზე წვდომის საშუალებას მისცემს. ის იმედოვნებს, რომ „კრისტალი“ პირველი იქნება, რომელიც მიკრობანკის სტატუსზე განაცხადს გააკეთებს.
„მიკრო ბანკების საჭიროება დღეს ქვეყანაში ნამდვილად დგას, რადგან ისინი მოემსახურებიან მოსახლეობის და ეკონომიკის იმ ნაწილს, რომელიც დღესდღეობით სრულ ფინანსურ მომსახურებას ვერ იღებს. ბანკებს თავისი ბიზნეს-საქმიანობა აქვთ და მომხმარებელთა თავისი სეგმენტი ჰყავთ, ხოლო მისო-ები უფრო მეტად არაფორმალურ ეკონომიკასთან მუშაობენ.
„კრისტალისთვის“ ეს მისასალმებელი რეფორმაა და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი, ვინც მიკრო ბანკის სტატუსზე განაცხადს გააკეთებს. ეს ხელს შეუწყობს ერთის მხრივ ჩვენი ორგანიზაციის ზრდას, რესურსებზე ხელმისაწვდომობას და მათ გაიაფებას, ასევე შესაძლებლობას მოგვცემს გავააქტიუროთ ახალი სერვისები, მაგალითად, როგორიცაა ბიზნეს ანგარიში და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, გვექნება დეპოზიტის შეზღუდული მიღების საშუალება. ამას გარდა, მოგვეცემა ეროვნული ბანკის რეფინანსირების ინსტრუმენტებზე წვდომის შესაძლებლობა, რაც ჩვენი რესურსების გაიაფების წინაპირობაა და ამავდროულად გაამარტივებს ლიკვიდობასთან წვდომას. ასე რომ ეს ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია - ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებული იქნება მიკრო და მცირე ბიზნესზე და იმ მოსახლეობაზე, რომელსაც საბანკო მომსახურებებზე წვდომა არ აქვთ.
ეს დამატებით კონკურენციას მისო-ებთან არ შექმნის, არამედ საშუალებას მოგვცემს, რომ მომხმარებელთა ჩვენს სეგმენტს უფრო იაფად და სრულყოფილად მოვემსახუროთ. გარკვეული კონკურენცია, თუმცა მცირე ზომით გაჩნდება იმ ბანკებთან, რომლებსაც მსგავსი მომსახურება აქვთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მომხმარებელს მეტ სარგებელს მოუტანს“, - განმარტავს არჩილ ბაკურაძე.
„რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილის აზრით, მიკრობანკების შესახებ კანონპროექტის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, ამიტომ რთულია ძირეულად ამ საკითხის ირგვლივ საუბარი. მის თქმით, მიკრობანკის სტატუსის შემოღებამ შესაძლოა მიკროსაფინანსოების ნაწილის ერთგვარი გამსხვილებაც კი გამოიწვიოს.
„თუ ბაზარზე ძლიერი მიკრობანკები იქნებიან, რომლებიც მოქნილად მოემსახურებიან იმ კლიენტურას რომელსაც პირდაპირი წვდომა არ აქვთ დიდ კომერციულ ბანკებთან, ეს არის მაგალითად სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მცირე მეწარმეებისთვის სესხის გაცემა, მაშინ რა თქმა უნდა დადებითი მოვლენაა. ეს ჯერ ახალი კანონპროექტია, რომლის ფორმაც არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, კონკრეტულად რა იქნება, ამიტომ რთულია ამაზე დეტალურად საუბარი. ფინანსური ბაზარი დღეს იმდენად ფართო და გაშლილია, რომ მიკრობანკის გამოჩენა იქ დიდ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს. ჩვენ ზოგადად მივესალმებით კონკურენტების გამოჩენას ბაზარზე. აქვე ვიტყვი, რომ მიკრობანკის სტატუსის შემოღებამ შესაძლოა მიკროსაფინანსოების ნაწილის ერთგვარი გამსხვილებაც კი გამოიწვიოს“, - აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მიკრობანკები იქნებიან ის კომპანიები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ძირითადად მიკროსესხებზე, ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე, აგროსესხებზე, მცირე ბიზნეს სესხებზე. მათ ექნებათ პირდაპირი წვდომა ეროვნულ ბანკთან, ასევე, მათ შეეძლებათ, რომ ჩაერთონ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში.