მიანმარში სამხედრო გადატრიალების გამო, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 10 ფიზიკურ პირსა და 3 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.
აღსანიშნავია, რომ სასანქციო სიაში მიანმარის ვიცე-პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი მოხვდა. სასანქციო სიაში შეყვანა აშშ-ის ტერიტორიაზე აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ სანქციები იმ პირებზეა მიმართული, ვინც წამყვანი როლი ითამაშა დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობაში.
1-ელ თებერვალს მიანმარში სამხედროებმა სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. სამხედროებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სატელევიზიო მიმართვაში სამხედროებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი, მიინტ შვე დანიშნეს.
imedinews.ge