მთავრობა 2022 წლიდან მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ახალ პროგრამას დაიწყებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ერთად 4 საპილოტე რეგიონია შერჩეული, ესენია: იმერეთი, კახეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი. პროექტს ძირითადად ევროკავშირი დააფინანსებს.
მინისტრის თქმით, პროგრამის ფარგლებში მოხდება იმ ეკონომიკური ინიციატივების ფინანსური ხელშეწყობა, რომელიც ექნებათ არსებულ საწარმოებს, დაფინანსება შეეხება ახალი საწარმოების შექმნასაც.
კერძოდ, ახალი პროგრამით, ბიზნესები შეღავათიანი კრედიტით ისარგებლებენ, განსაზღვრულია 300 000 ლარიდან 1 მლნ ლარამდე სესხების პროცენტის თანადაფინანსება 2 წლის ვადით. აგრეთვე, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი კომპონენტია დამატებით საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება იყოს სესხის ოდენობის მაქსიმუმ 60%, საგრანტო თანხა კი, იქნება მაქსიმუმ 600 000 ლარი.
"ეს მნიშვნელოვანი სტიმულია, რომ შერჩეულ რეგიონებში მოხდეს ზოგადად მეწარმეობის ხელშეწყობა. ეს მოიცავს სასურსათო მიმართულებებსაც, თუმცა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა ეკონომიკურ ინიციატივებს. რა თქმა უნდა არის გამონაკლისები - კერძოდ, ეს არ უნდა მოიცავდეს აზარტულ თამაშებს, არ შეეხება საფინანსო მომსახურებას. ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება, რადგან ეს ჩვენი სამინისტროს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ისედაც მხარდაჭერილია. ამ შემთხვევაში საუბარია ახალი საწარმოების შექმნაზე, ან არსებული საწარმოების გაფართოება -მოდერნიზაციაზე", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
პროექტის ჯამური ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია ამ დრისთვის უცნობია.