საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, სამარშუტო ტაქსების მოძრაობა დროებით იკრძალება. ამ დროისთვის მუშაობას აგრძელებს „მეტრო ჯორჯია“, კომპანია რომელიც მგზავრების საქალაქთაშორისო გადაადგილებას ახორციელებს. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ლაშა კენჭაძე აცხადებს, რომ მხოლოდ ბათუმი-თბილისის მიმართულებით მუშაობენ, თუმცა რეისების რაოდენობა 3 დან 2- მდე შემცირდა. მისივე თქმით, საგრძნობლადაა შემცირებული მგზავრთა რაოდენობაც. კენჭაძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ „მეტრო ჯორჯიაში“, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებს იცავენ და კომპანია სადეზინფექციო სამუშაოებს ყოველი მგზავრობის დასრულების შემდეგ ატარებს.
„მიმდინარე მოვლენების გამო, რა თქმა უნდა მგზავრების რაოდენობა ბოლო პერიოდში შემცირებულია. თურქეთის და აზერბაიჯანის საზღვრის დახურვის შემდეგ საერთაშორისო რეისები აღარ სრულდება. საქალაქთაშორისო რეისები არის, თუმცა მცირე რაოდენობის ხალხია. ავტობუსები როგორც ადრე დადიოდნენ ისეთი სიხშირით აღარ გადაადგილდებიან, დადის დღის განმავლობაში 3 ის ნაცვლად 2 ავტობუსი დადის მგზავრების რაოდენობა კი 60 პროცენტამდე შეგვიმცირდა. პრევენციის მიზნით ჩვენ ყველა რეისის შემდეგ ავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოებს ვასრულებთ. შიდა დასუფთავებაზე აქტიურად გამოიყენება ხსნარი, რომლის მთავარი უპირატესობაც არის ის, რომ არ შეიცავს ადამიანებისთვის საზიანო ქიმიკატებს. ვიცავთ თავს და მგზავრებს,ხალხი შეშინებულია და ეს ბუნებრივია“ - განაცხადა ლაშა კენჭაძემ.
მგზავრთა შემცირებული რაოდენობის ფონზე, „მეტრო ჯორჯიას“ მგზავრობის ტარიფი არ გაუზრდია. „კომერსანტის“ კითხვაზე, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, ხომ არ აპირებს კომპანია მუშაობის შეწყვეტას და ავტობუსების გაჩერებას, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი გვპასუხობს:
„ჩვენი გაჩერება მომხმარებელზეა დამოკიდებული, სანამ მოთხოვნა იქნება ჩვენ ვიმუშავებთ. ერთი მგზავრის გამო, ამხელა მანძილზე ვერ წავალთ, მაგრამ თუ რამდენიმე ადამიანი გვეყოლება რა თქმა უნდა წავალთ. ეს კვირაა გადამწყვეტი და დავაკვირდებით სიტუაციას, რა როგორ შეიცვლება. რეალურად ახლა ზარალზე ვმუშაობთ, მაგრამ ზუსტად ციფრებში რამდენია არ ვიცი, თუმცა მოგებაზე რომ არ ვმუშაობთ ეს ცხადია“, - აცხადებს ლაშა კენჭაძე.
ბაჩო ადამია