მეშინია, დიახ! მეშინია!  რატომ არ მსურს სამედიცინო პრაქტიკა საქართველოში

მეშინია, დიახ! მეშინია! რატომ არ მსურს სამედიცინო პრაქტიკა საქართველოში

access_time2018-04-28 09:27:10


  ზურაბ გურულის პერსონალური ბლოგი


ზურაბ გურული-აშშ- ფედერალური სამედიცინო სისტემის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტებს ვხელმძღვანელი

 

 

ძალიან ხშირად მეკითხებიან საჯაროდ, თუ რატომ არ მსურს საქართველოში კლინიკურ საქმიანობაში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის ძალისხმევით, ამერიკასა და მსოფლიოს სხვა მოწინავე ქვეყნებში სპეციალობით მომუშავე ქართველ ექიმებს უპრობლემოდ გადაეცათ ქართული ლიცენზიები.


ვცდილობ პასუხს ზრდილობიანად ავარიდო თავი, რადგან უბრალოდ მეუხერხულება იმის თქმა, რომ მეშინია.

დიახ! მეშინია!


მეშინია იმიტომ, რომ საქართველო არის ისეთი აბსურდული სამართლებრივი პარადოქსების ქვეყანა, სადაც შესაძლებელია ოკუპანტი ქვეყნის საიდუმლო სამსახურების მიერ გადაბირებული, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღით მებრძოლი სახელმწიფო დამნაშავე გახდეს პარლამენტის წევრი და პარლამენტის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;


სადაც შესაძლებელია პარლამენტში არსებობდეს ფრაქცია, რომლის დოქტრინას წარმოადგენს ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება. სადაც პარლამენტის წევრი აცხადებს 13 -ჯერ გამართლებულ ადამიანზე, რომ ყველაფრის მიუხედავად ეს ადამიანი სამუდამოდ უნდა იჯდეს ციხეში; სადაც პარლამენტის თავმჯდომარე გენერალურ პროკურორად წარადგენს ჯიბგირობისათვის ნასამართლევ პიროვნებას და აცხადებს რომ ეს არ წარმოადგენს სერიოზულ ხელისშემშლელ პირობას და ა.შ. და ა.შ.



მავანი გაიფიქრებს ალბათ, საიდან სად წავიდაო; მათ შორის ჩემი კოლეგებიც; მაგრამ როდესაც ფიქრობ, რომ პოლიტიკა რაღაც განყენებული სფეროა, ბუნებრივია, თავად ქართველი ექიმებისათვისაც არ არსებობს ნორმალური კანონმდებლობა და დამცავი მექანიზმები, რომლებიც  ერთი მხრივ მათი ჩაქოლვის მოსურნე, გავეშებული ბრბოსაგან დაიცავს და მეორე მხრივ, არასამართლებრივი და პრიმიტიული ინსტიქტებით მოქმედი სახელმწიფოსაგან.


წლებია უკვე ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტებს ვხელმძღვანელობ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სამედიცინო სისტემაში და არაერთი კლინიკური შეცდომის გამოძიებაში მიმიღია მონაწილეობა. ამერიკაში ყოველწლიურად 44 ათასიდან 98 ათასამდე პაციენტი იღუპება სამედიცინო შეცდომების გამო. კიდევ უფრო მეტი სერიოზულ ზიანს იღებს. თვალსაჩინო მაგალითისათვის მსოფლიოს წამყვან კლინიკაში, ჯონს ჰოპკინსში მომხდარი უბედური შემთხვევის გახსენებაც კმარა ალბათ, სადაც პატარა გოგონა დეჰიდრატაციით დაიღუპა ექთნებსა და ექიმებს შორის არასრულყოფილი კომუნიკაციის გამო. ამ შემთხვევას ჩემი კოლეგა, ცნობილი ანესთეზიოლოგი პიტერ პრონოვოსტი იძიებდა.


 

პატარა ჯოზი დაიღუპა მსოფლიოს განუვითარებელ ქვეყნებში გავრცელებული პრობლემის, დეჰიდრატაციის გამო; დაიღუპა მსოფლიოს საუკეთესო კლინიკაში - განაცხადა პრონოვოსტმა ოფიციალურ ინტერვიუში.


 დღეს, როდესაც მოვისმინე ისტორია პატარა პაციენტის სხეულში ჩარჩენილი ტამპონის შესახებ და შემდეგ გავიგე, რომ ამ ისტორიის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, უბრალოდ შევძრწუნდი. კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ ქვეყანაში არც კანონმდებლობა არსებობს, და არც პროფესიული საქმიანობის დამცავი მექანიზმები, ისევე როგორც პაციენტთა უფლებების დამცველი სისტემა.


ქირურგიულ ოპერაციაში მონაწილეობს საოპერაციოს გუნდი. ქირურგი კონცენტრირებულია თავად ოპერაციაზე. დამხმარე ექთნების გუნდი ვალდებულია დაწვრილებით აღრიცხოს ყველა ინსტრუმენტი და ტამპონი როგორც ოპერაციის წინ, ასევე დამთავრების შემდეგ და მოახსენოს ქირურგს, რომ თვლა სწორია და ჭრილობის დახურვა შეიძლება დაიწყოს. მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია შეცდომა, რადგან შეცდომა ადამიანის თვისებაა და საოპერაციოშიც ადამიანები მუშაობენ. ზემოაღნიშნული შემთხვევა მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან კლინიკაში შეიძლება მოხდეს და ხდება.


 

როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავს ასეთ შემთხვევებში? მაშინ ხომ ქირურგების ნახევარს ციხეებში მოუწევდა ყურყუტი წლებით და არც არავინ მოკიდებდა ხელს ამ უაღრესად სარისკო და ჯანმრთელობისათვის უაღრესად მავნე სპეციალობას ხელს. ასეთი შემთხვევები ეხმარება მსოფლიოს წამყვან კლინიკებს რომ შეიმუშავაონ ახალი პროტოკოლები; გააუმჯობესონ კონტროლი საოპერაციო ინვენტარის აღრიცხვაზე და ა.შ. და ა.შ. პაციენტს კი პატიოსნად უმხელენ შეცდომას და მას აქვს უფლება მოითხოვოს მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება; რასაც ექიმის ან კლინიკის სადაზღვევო კომპანია იხდის.

 

ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში.

 

მე არ ვიცი იმ ფრანგი ექიმის სახელი და გვარი, რომელმაც პაციენტს ასეთი დამცინავი ტონით აუწყა უნიკალურად ჩატარებული უაღრესად რთული ოპერაციის დროს მომხდარი სამედიცინო შეცდომის შესახებ. რომ ვიცოდე, სიამოვნებით გავესაუბრებოდი პირადად და ვაცნობებდი, რომ მისი დაუფიქრებელი სიტყვები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა კოლეგის წინაღმდეგ და იმასაც ვეტყოდი, რომ საოცრად არაპროფესიონალური ქცევაა კოლეგის დამსახურების არასათანადო აღიარება. რომ არა საქართველოში წარმატებულად ჩატარებული ოპერაცია, პაციენტი ცოცხალი არ იქნებოდა დღეს. დარწმუნებული ვარ, გაოცდება და ძალიანაც ინანებს თავის სიტყვებს, თუკი მართლაც ის თქვა, რაც გვაცნობეს.

 

და ბოლოს, პატივცემულო ჯანდაცვის სამინისტროვ და საქართველოს იურისტებო, ნუთუ არ გრცხვენიათ იმისი რაც ხდება?


 

ხომ ხედავთ რომ საქართველოს ახალგაზრდა ექიმების კვინტესენცია ქვეყანაში დარჩენას არ აპირებს და სამუდამოდ მიემგზავრება საზღვარგარეთ. რატომ აკეთებთ ამას შეგნებულად?

 

მე ნამდვილად არ შემიძლია დღეს თვალი გავუსწორო საქართველოში მყოფ ჩემს ახალგაზრდა კოლეგას და ვუთხრა, რომ მისი ჯანმრთელობისათვის და კარიერული წარმატებისათვის სამშობლოში არის საკმარისი პირობები. არ შემიძლია, იმიტომ რომ ეს იქნება წმინდა წყლის სიცრუე !




„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up