ახალი სატელეფონო სერვისი და საიტი, რომელიც დაგეხმარებათ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წიგნები - გამომცემლობა პალიტრა L მომხმარებლებს წიგნის შეძენის კომფორტულ და რაც მთავარია, უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს. როგორც გამომცემლობის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე კომერსანტის დილაში ამბობს, მეორე ლოქდაუნს მომზადებულები - მომხმარებლებისთვის საინტერესო სიახლეების შეთავაზებებით შეხვდნენ.
„რთული მდგომარეობაა ჩვენთანაც, ისევე როგორც ყველგან. პირველი ლოქდაუნის შემდეგ,როდესაც სრულად აგვიკრძალეს ფუნქციონირება, დაიკეტა წიგნის მაღაზიები და ონლაინ გაყიდვებიც შეჩერდა, ძალიან რთული პერიოდი დაგვიდგა. ამ ლოქდაუნს უფრო მომზადებულები შევხვდით, მნიშვნელოვანია ისიც,რომ მთელი საქართველოს მასშტაბით არ დაკეტილა წიგნის მაღაზიები, რეგიონებში კვლავაც ფუნქციონირებს, ამიტომ დიდ ქალაქებში გაყიდვები რომ არ შემცირებულიყო, სერვისი - თან წაიღე, დავამატეთ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია,რომ კონკრეტულ ფილიალში დარეკოს, შეუკვეთოს და კონსულტანტები მათთთვის სასურველ წიგნს, ან ნივთს გამოაწვდიან. რა თქმა უნდა, ეს ის არ არის,რაც გვინდა, წინა საახალწლო პერიოდში როგორც იცით, გაყიდვები ყოველთვის იზრდება, შარშანდელთან შედარებით, რთული მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ გაჩერებულები არ ვართ,“- ამბობს ანანო თავხელიძე.
ახალმა რეალობამ და ონლაინ გაყიდვებმა პალიტრა L-ის საიტის შექმნის საჭიროება გააჩინა. მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისების ძიებამ, გამომცემლობა სატელეფონო ხაზის შექმნის გადაწყვეტილებამდეც მიიყვანა.
„თავად „პალიტრა L” არ ყიდიდდა წიგნებს, ჩვენი წიგნები იყიდებოდა ბიბლუსში, ასევე, პრესასთან ერთად და ახლა საიტიც შევქმენით, რომელიც მზადების პროცესშია. სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგი ვერ ახერხებს ონლაინ გამოწერას, ამიტომ მოვიფიქრეთ, სატელეფონო ხაზის დამატებაც და ჩვენი გაყიდვების ჯგუფი გადავიდა უკვე ამ მიმართულებით. ეს სრულიად უსაფრთხო სერვისია, უკვე ვიცით რომ ვირუსი მყარ ზედაპირზე არ ვრცელდება, ამიტომ ყველანაირი წესების დაცვით, უფრო კომფორტული იქნება წიგნის შეძენა ერთი ზარის განხორციელებით.
წიგნებზე მოთხოვნა აქამდეც იყო, მაგრამ პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. ჩვენ ფაქტობრივად, გავხდით მრჩეველები, მანამდე მომხმარებელი მაღაზიაში მიდიოდა და კონსულტანტი ურჩევდა ახალ წიგნს, დღეს უკვე ჩვენი გამომცემლობა ითავსებს ამ ფუნქციებს. იმისთვის,რომ მომხმარებლებს შერჩევის პროცესი გამარტივებოდათ, საიტზე ასევე დავამატეთ სპეციალური ღილაკი- წიგნები ასაკის მიხედვით. წინა საახალწლოდ და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველ კვირას გვაქვს სპეციალური შეთავაზებები მომხმარებლისთვის და ვცდილობთ მოვიცვათ, როგორც ბავშვები,ისე უფროსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. გვაქვს ფასდაკლებებიც და სწორედ ამიტომ დავამატეთ ახალი სერვისები,“— ამბობს ანანო თავხელიძე.