თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც მერიამ მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყო, ნოემბრის ბოლოს დასრულდება, გამზირი კი ოფიციალურად 4 დეკემბერს გაიხსნება.
„მელიქიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას შესრულების ვადების დარღვევა პრობლემა არ ყოფილა, დადგენილი ვადებით სამუშოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. დასრულდება და 4 დეკემბერს ქუჩა საგზაო დახაზვების ჩათვლით მოწყობილი იქნება", განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, განახლდება სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ განთავსდება, დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით, მოეწყობა ტროტუარები, ახალი მოსაცდელები, ავტობუსის ზოლები, ველობილიკი, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის.