უცნობი ჩინური ვირუსით დაავადებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს გაცილებით აღემატება. ამის შესახებ BBC-ს ბრიტანელმა მეცნიერებმა განუცხადეს.
ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ლაბორატორიულად ვირუსის 41 შემთხვევა დადასტურდა, თუმცა ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი 1700-ს აღწევს. გასულ თვეში უცნობი კორონავირუსით ჩინეთის ქალაქ უხანში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად იაპონიაშიც დაფიქსირდა.
სინგაპური და ჰონგ-კონგი უხანიდან ჩამომსვლელებს აეროპორტში სკრინინგს უტარებენ, ანალოგიური ზომები მიიღო აშშ-ის ხელისუფლებამ სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესის და ნიუ-იორკის აეროპორტებში.
დაავადებულთა შესაძლო რიცხვის დასადგენად მეცნიერებმა მოდელირების მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ვირუსის თავისებურებებს, უხანის მოსახლეობის რიცხვს და ფრენების სტატისტიკას ეყრდნობა.
უხანის საერთაშორისო აეროპორტი 19-მილიონიან ქალაქს ემსახურება, თუმცა საზღვარგარეთ დღეში მხოლოდ 3400 ადამიანი მიფრინავს. მეცნიერთა თქმით, სიტუაციის მოდელირება აჩვენებს, რომ უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 1700-ს უნდა აღწევდეს.
Imedinews